25 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
რუსი ჯარისკაცების მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს მოქალაქეები - მოსახლეობა ჰყვება, როგორ აგინებდნენ ოკუპანტები

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა. დღეს რუსმა სამხედროებმა მძევლად კიდევ საქართველოს ორი მოქალაქე აიყვანეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მცხოვრებლები კუთვნილ ბაღებში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს და საოკუპაციო რეჟიმის ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ამ წუთებში კასპიდან გატაცებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ. მათი თქმით, ისინი პატრულირებენ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიან მოქალაქეებზე ნადირობენ.

ე.წ. საზღვრისპირა სოფლების, ყარაფილასა და ხურვალეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით შეინიშნება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების პატრულირება. ხურვალეთის მკვიდრმა კონკრეტული შემთხვევები გაიხსენა, როდესაც ოკუპანტები მოქალაქეებს აგინებდნენ.

„ე.წ. ცხინვალის ომონი შემოვიდა, პირდაპირ მწვანე ჯიხურთან გადმოდგნენ, ძალიან ბევრნი იყვნენ. ქართულად ყვირილი დაიწყეს და ქართულად გვაგინებდნენ. მეორე მომენტი ის იყო, რომ ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი, რომელსაც ტელეკამერების წინ გამოჩენა არ უნდა, თავის ბაღში რომ გადავიდა, რომ დაესუფთავებინა ეზო, ხუთი კაცი წამოვიდა უიარაღო, რუსი ოკუპანტები. დაკეტა კარები, სანამ ისინი მოუახლოვდებოდნენ, გამოიქცა, ამან უთხრა, არ მაქვს უფლება, რომ ჩემს ეზოში, ჩემს ბაღში შევიდეო? იმათ უთხრეს, ეს უკვე შენი ტერიტორია აღარ არის,“ - განაცხადა ლუდა სალიამ.

დღის ამბები