18 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე - გორის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა დასრულდა

ბექა ხახუბიას გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა დასრულდა.

სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმე განსაკუთრებით რთულია, რადგან ის პრეცედენტული და სახელმწიფო მნიშვნელობისაა. ადვოკატი დარწმუნებულია იმაში, რომ ქაოსის თავიდან ასარიდებლად სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

„სახელმწიფოებრივი დონის საქმე არის აღნიშნული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. აქ მარტივად სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს და შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ამის უკან დგას სახელმწიფო, საპატრულო პოლიცია, მოქალაქეები და არ უნდა იყოს ისეთი სახის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევს ქაოსს,“ - განაცხადა დაცვის მხარემ.

ბრალდება პატრულ ინსპექტორებს: ზურაბ რუსიშვილს, გია სადაღაშვილს და ნუკრი ხაბელაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას, უკანონო ბრძანების გაცემას და შესრულებას ედავება და მათ დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

„ჩვენ მოვისმინეთ დაცვის სიტყვა, თუმცა რაიმე ისეთი საწინააღმდეგო მტკიცებულებები ჩვენ ვერ მოვისმინეთ, პირიქით ჩვენ სასამართლოში ბრალდების მხარემ წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და იმედი გვაქვს, რომ დადგება აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი,“ - აცხადებს ბრალდების მხარე.

შემდეგ სასამართლო პროცესზე უკვე თავად პატრულ ინსპექტორებს მოუსმენენ, რის შემდეგაც შესაძლოა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

დღის ამბები