20 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
კოსმოსის აქტიური მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას და საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ - გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს

„ამბრაზურასავით ეფარებით თუ რაშია საქმე? რამე შეურაცხყოფა მივაყენე?“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის დეპუტატებს მას შემდეგ, რაც მას საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვების დასმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის და დეპუტატების შეხვედრა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც დავით ზალკალიანის მიერ წარდგენილ 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას განიხილავენ, ოპოზიციამ რამდენიმე მწვავე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ არ არის დოკუმენტში ასახული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელსაც მმართველი გუნდიც აღიარებს, რომ არის საერთაშორისო დონეზე რუსეთთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მინისტრის თქმით, სია ასახული იქნება სამოქმედო გეგმის დოკუმენტში.

გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს მოსთხოვა დაეზუსტებინა, რატომ არ არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში და რატომ არ არის აღძრული საქმე იმ რუს ოფიცრებზე, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„რატომ არ არის არცერთი რუსეთის ოფიცერი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დღემდე შეყვანილი მთავრობის მიერ, რა მიზეზით?“ - მიმართა ბოკერიამ მინისტრს.

ოპონენტის კრიტიკის პასუხად მინისტრმა აღნიშნა, რომ სია ცოცხალი დოკუმენტია.

„სიაში არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რომლებიც არიან ბრალდებულები... სისხლის სამართლის საქმე, როგორც ცნობილია, აღძრულია ამ თემაზე, როგორც კი იქნება შესაბამისი გარემოება. ეს ცოცხალი დოკუმენტი არის,“ - ამბობს მინისტრი.

გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის გაანალიზებისა, გიგა ბოკერიამ საქართველოში ნატო-ს წვრთნებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრს. მან დავით ზალკალიანს აღნიშნულ წვრთნებთან დაკავშირებით რუსული მხარის პოზიციის გარდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც წაუკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რატომ გვიხარია, დაძაბულობა, რომ მატულობს ჩვენს ირგვლივ და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს. ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რის მომტანია, მე არ მესმის, ნათელი არ არის“.

ბოკერიამ მინისტრს მოსთხოვა დაეკონკრეტებინა მისი პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით - არის თუ არა საზიანო და მავნებლური მსგავსი პოზიცია საქართველოს ინტერესებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ წვრთნები ინტეგრაციისთვის საჭიროა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ამ განცხადებას არ იცნობს.

ამას გარდა გიგა ბოკერიამ მინისტრს შეახსენა, რომ საფრანგეთში ელჩი, თითქმის, 8 თვეა არ არის დანიშნული. რის პასუხადაც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ელჩის კანდიდატურაზე ამ დრომდე ვერ შეჯერდნენ.

„ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ კოსმოსის აქტიური მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას და საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და მანდ რას აპირებთ ძალიან მაინტერესებს... საფრანგეთში ელჩს, რომ დანიშნავთ, მნიშვნელოვან ქვეყანაში, მერვე თვის შემდეგ, მერე თუ შეიძლება, მობრძანდით და კოსმოსის მილიტარიზაციაზე მოგვახსენეთ თქვენი გეგმები,“ - განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები