24 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
მარნეულის მერის სკანდალი - არსებული ინფორმაციით, აბაზოვმა ციხე ივანიშვილის მოთხოვნის საფუძველზე დატოვა 

მარნეულის მოძალადე მერის ციხიდან გამოსასვლელად ივანიშვილების ოჯახთან ახლობლობა გადამწყვეტი აღმოჩნდა. "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკურ კარიერამდე ბერა ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა.

გამოცემა „Presa.ge”-ს ინფორმაციით, მძიმე დანაშაულში ბრალდებული თემურ აბაზოვი, პატიმრობიდან ბერა ივანიშვილი ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

დღეს აბაზოვს ბერა ივანიშვილთან კავშირზე საუბარი არ სურს. ის ივანიშვილთან მუშაობის ფაქტს არ ადასტურებს. ამ თემაზე დასმული კითხვის შემდეგ, მან ტელეფონი გათიშა და საუბარი აღარ გააგრძელა. ​

უფლებაშეჩერებული მაღალჩინოსანი ახლა თანამდებობაზე აღდგენას ცდილობს და სახელმწიფოსგან სოლიდურ კომპენსაციას ელოდება, იმ დღეების ასანაზღაურებლად, რომლებიც თანამოქალაქის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი ქმედების გამო ციხეში გაატარა. აბაზოვი ამბობს, რომ 33 ათასი ლარი ეკუთვნის, რადგან ციხეში მისი სურვილით არ ჩამჯდარა და მოვალეობას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ასრულებდა. 

მარნეულის ყოფილი მერი ერთი წლის წინ, დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების დგინდება, რომ მან თანაქალაქელს შარდით სახის დაბანა აიძულა, ვიდეოკადრები გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული და უფლებაშეჩერებული მერისთვის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარის გადახდის ამბავი გამაოგნებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. მარნეულის საკრებულოს დეპუტატები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ხალხს უბრალოდ დასცინის.

თემურ აბაზოვს ბიუჯეტიდან 33 ათას ლარს მარნეულის მერია საკრებულოს გადაწყვეტილებით მისცემს. აბაზოვის განცხადება კომპენსაციის თემაზე საკრებულომ ცნობად მიიღო და მერიას მისი დაკმაყოფილება მოსთხოვა.

დღის ამბები