21 მაისი 2019,   17:48
ვრცლად
დანაშაულში 5 ჯარისკაცი მონაწილეობდა და ერთი სერჟანტი... მოვითხოვთ დანარჩენების დასჯასაც - ნაცემი ჯარისკაცის ოჯახი

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი ახალგაზრდის, ქაზიმ გახრამონოვის ოჯახის წევრები მეთაურების დასჯას ითხოვენ.

მათი თქმით, ძალადობასა და ფულის გამოძალვაში 5 სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო სამხედრო პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა.

ქაზიმ გახრამონოვი ამტკიცებს, რომ ძალადობას ფაქტს ესწრებოდა ერთ-ერთი სერჟანტი, რომლის გვარია უნდილაძე. თუმცა, როგორც ჩანს, გამოძიებამ ვერ დაადგინა მისი დანაშაული და მხოლოდ ორი დაკავებული წვევამდელია .

ქაზიმ გახრამონოვის  ძმა ფუად გახრამანევი მოითხოვს, რომ ძალადობაში მონაწილე სერჟანტმაც აგოს პასუხი.

„როგორც გვითხრეს ორი პირია დაკავებული, თუმცა, ჩვენ მოვითხოვთ დანარჩენების დასჯასაც. დანაშაულში 5 ჯარისკაცი მონაწილეობდა და ერთი სერჟანტი, მათგან დაკავებულია მხოლოდ ორი სამხედრო, ვიცით, რომ იყო ერთი სერჟანტი, რომელიც ემუქრებოდა დაზარალებულებს და უშუალოდ მფარველობდა ფულის გამოძალვის ისტორიას. არ არის საკმარისი მხოლოდ რიგითების პასუხისგებაში მიცემა, უნდა დაისაჯონ მათი მეთაურებიც, დასჯა უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამხედრო ნაწილებში აღარ განმეორდეს ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ფულის გამოძალვის ფაქტები,“ - აცხადებს ფუად გახრამანევი.

ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე სამხედრო პოლიციამ ორი წვევამდელი დააკავა. დაკავებულები რამდენიმე საათის წინ სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულებმა წვევამდელი ქაზიმ გახრამონოვი სცემეს და ფული გამოსძალეს. უცნობია ვინ მისცეს პასუხისგებაში კიდევ ერთი ჯარისკაცის ცემისა და მისთვის ფულის გამოძალვის საქმეზე.

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლისა და ფულის გამოძალვის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-მა გაასაჯაროვა და გამოძიებაც ამის შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები