20 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
ნატო-საქართველოს მასშტაბური სამხედრო სწავლება 18 მარტიდან იწყება

18 მარტიდან საქართველოში, კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება. თბილისში ელოდებიან ნატოს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც.

სწავლებაში 20-მდე ქვეყნის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილ მასშტაბურ სწავლებაზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა „კრწანისის“ ცენტრში გააკეთა, სადაც საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული სწავლება არის საქართველოს აღიარება საერთაშორისო დონეზე.

„ეს არის ქვეყნის აღიარება, ასევე, გაცხადება იმისა, რომ ქვეყანა მზად არის ნატო-სთან ერთად ჩაატაროს სწავლებები, მით უფრო, როდესაც პირველად ამ სწავლებებს ვატარებთ საკუთარი პასუხისმგებლობით ანუ როგორც მისი დაგეგმვის, ისე აღსრულების ნაწილში ჩვენ ვართ ხელმძღვანელები. ასე, რომ ეს არის ჩვენი, როგორც ერთ0-ერთი ღირსეული პარტნიორის აღიარება, რომელიც მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა. რასაკვირველია, ეს აღქმულია ჩრდილოელი მეზობლისგან, როგორც საფრთხე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ ცალსახად, რომ ეს არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ,“ - განაცხადა იზორიამ.

გენერალ-მაიორ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, დაგეგმარების პროცესში ნატო-ს და საქართველოს თავდაცვის ძალების ინტეგრირება მოხდება.

ნატო-საქართველოს მასშტაბური სამხედრო სწავლება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში მონაწილეობას მიღებენ წითელი ჯვარი, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია და არასამთავრობო სექტორი.

ნატო-საქართველოს უპრეცენდენტო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებები თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა „კრწანისის“ ცენტრში გააკეთეს, სადაც დღეს გადამზადების კურსი დაასრულეს უმცროსმა ოფიცრებმა. მათ რამდენიმეკვირიანი სამხედრო გადამზადება გაიარეს. საერთო ჯამში, ამ პოროგრამის ფარგლებში გადამზადდა 49 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 4 ქალბატონია და თითოეული მათგანი თავდაცვის უწყებაში დასაქმდება. 

დღის ამბები