16 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
კეთილი ინებოს იურიდიულმა კომიტეტმა და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს - ეკა ბესელია 

„იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს და დაელოდოს მათ შორის ვენეციის კომიტეტის მოსაზრებებსაც,“ - ეს განცხადება, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით მისი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს დეპუტატებს ამ წუთებში აცნობს.

თუმცა, კანონპროექტის წარდგენამდე, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს პარლამენტში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით სამი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა, რაც მისთვის მიუღებელია.

ეკა ბესელია მოითხოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა შაბათის ნაცვლად, ორშაბათს შედგეს.

„იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს და დაელოდოს მათ შორის ვენეციის კომიტეტის მოსაზრებებსაც იმიტომ, რომ ჩვენც ვაგზავნით ვენეციის კომისიაში ორშაბათს ჩვენს პროექტს. უკვე გვქონდა კონსულტაციები ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან და შევთანხმდით, რომ მათი საშუალებით გადაეცემა ვენეციის კომისიას ჩვენი პროექტი,“ - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ისეთ საკითხზე, როგორიცაა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესება, კანონპროექტის განხილვა სამ დღეში არ უნდა მოხდეს.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„ეს კანონპროექტი, ისევე როგორც კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ერთდროულად ინიცირდა, ორივე ორშაბათს ბიუროს სხდომით და გადაწყვეტილებით განაწილდა. ორშაბათიდან გასულია სამი დღე, არ ვიცი, ასე მოკლე დროში, ასე სწრაფად მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ, რატომ ასე ფორსირებულად, მართალი გითხრათ მიკვირს... სჯობდა, მეტი დრო დაგვეთმო... თუმცა წამყვანმა კომიტეტმაც ხვალ ჩანიშნა ამის განხილვა, ხვალ, შაბათს, არასამუშაო დღეს. ასეთი პრაქტიკა მე არ მახსენდება, ჩვენ შაბათს ჩაგვეტარებინოს სხდომები,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნებს აჩენს და საკმაოდ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ცუდად ჩანს ეს ყველაფერი ძალიან, ასე, რომ შეხედო გარედან, განსაკუთრებით ამ საკითხის მიმართ, რომელმაც ბოლო ორ თვეში ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია, და ნუ გავაუბრალოებთ იმას რაც ხდება და ნუ ვეცდებით, რომ წარმოვაჩინოთ, თითქოს არაფერი,“ - ამბობს ბესელია.

პარლამენტი დღეიდან იმ სამი კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებია გაწერილი.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის 6-მა დეპუტატმა მოამზადეს, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

დღის ამბები