20 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები - მალერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გასაჯაროების შესახებ, კონგრესის ქვედა პალატამ რეზოლუცია მიიღო 

კონგრესის ქვედა პალატამ 400-ზე მეტი ხმით, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს, იუსტიციის დეპარტამენტმა, რობერტ მალერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნა გაასაჯაროოს.

დასკვნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და მათთან ტრამპის კამპანიაში ჩართული პირების შესაძლო კავშირს ეხება. კონგრესში ჩატარებული კენჭისყრის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე სპიკერმა ნენსი პელოსიმ ისაუბრა.

„წარმომადგენელთა პალატაში ამერიკელი ხალხისთვის სიმართლის დაცვას ვუყარეთ კენჭი. დიდი უმრავლესობით, ვფიქრობ, 400-ზე მეტი ხმით, ყველამ დაუჭირა მხარი მალერის შესახებ რეზოლუციას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკელმა ხალხმა სიმართლე იცოდეს. ჩვენ პროექტს სენატს გავუგზავნით,“- განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

საბოლოო კენჭისყრამდე 2 დღით ადრე რეზოლუცია რეგლამენტის კომიტეტმა განიხილა და მიიღო, რაც ნიშნავდა იმას, რომ რეზოლუციამ, კონგრესში დამტკიცებამდე ბოლო ეტაპიც წარმატებით გაიარა.

ნენსი პელოსის, რომელმაც გასულ კვირას თქვა, რომ "იმპიჩმენტი არ ღირს," დღეს ჰკითხეს, შეიცვლის თუ არა აზრს იმ შემთხვევაში, თუ მალერის კომისია დაადგენს, რომ დანაშაულს ადგილი ჰქონდა.

„არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ან უნდა გადავაყენოთ ან არ უნდა გადავაყენოთ პოლიტიკური მიზეზების გამო. ფაქტებთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მტკიცე პოზიცია და ვნახოთ, თუ სად მიგვიყვანს ეს,“-განაცხადა პელოსიმ.

სენატის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლინდსი გრემმა კი დღეს საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მან მხარი დაუჭირა, სპეცპროკურორ რობერტ მალერს თავისი საქმე გაეკეთებინა. თუმცა, ამასთანავე გრემმა პირობა დადო, რომ სენატში მოიწვევს მოსმენებს იმის დასადგენად, შექმნეს თუ არა დარღვევით საფუძველი, ტრამპის კამპანიის ხალხის წინააღმდეგ საქმის დასაწყებად.

კონგრესის ქვედა პალატაში დამტკიცებული რეზოლუცია დღეს სენატში კენჭისყრაზე სწორედ ლინდსი გრემის წინააღმდეგობის გამო არ დამდგარა. იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელს სურს 2016 წლის ამბები ყველა მხრივ იყოს გამოძიებული.

დღის ამბები