24 მარტი 2019,   15:57
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში - გენგეგმის განხილვა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში - თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მისი განხილვა მწვავე კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

უმრავლესობა ოპოზიციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ოპოზიციას კი არ სჯერა, რომ დოკუმენტს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი უნდა შეცვლოდა, ტექნიკური ხარვეზი იყო.

„ჩვენ წესით დღეს უნდა გვქონდეს საზეიმო განწყობა და როგორც ჩანს მართლაც დახვეწილი დოკუმენტი მივიღეთ, რადგან მთელი ორი დღეა ვუსმენ ჩვენი ოპონენტების ნაწილს და არსებითი შენიშვნები ამ დოკუმენტზე ვერ გავიგე. გარდა გამოგონილი თემებისა, როგორიც არის გუშინ მოგონილი 14 ათასი კვადრატული, ზედმეტი ინსპირაციები, თითქოს ვიღაცას, რაღაც განზრახულობები ჰქონდა ამ მიწასთან, უბრალოდ გამორიცხულია ბოტანიკური ბაღის სტატუსიდან გამომდინარე,“-აცხადებს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე კი ამბობს, რომ მას აქვს ნანახი დოკუმენტაცია, სადაც წინა ხელისუფლების დროს გიგი უგულავას ხელმოწერით ჭავჭავაძის გამზირზე ზონალური შეთანხმებით 14.0 კოეფიციენტი გაიცა. მისივე თქმით, არსებობს წინა ხელისუფლების დროს გაცემული 10.0, ასევე  9.0 კოეფიციენტიანი ნებართვები. სოხაძე ამბობს,რომ ეს ახალი გენგეგმით უნდა დასრულდეს.

საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას არ სჯერა შემთხვევით ხარვეზის არსებობის.

„თქვენ თქვით,  რომ  ოპოზიცია იტყუება და არაფერი იცვლებაო დღეს თქვით, რომ კი ედოო, მაგრამ რაღაც ლაქა იყოო, შეგვეშალა და გავასწორეთო. საბოლოო ჯამში ქალბატონმა მაიამ თქვა, ეს ლაქა რომ იყო რამდენიმე თვეა ვიცითო, მაგრამ დღეს ბოლო საათებში და წუთებში გავასწორეთო, არადა გუშინ საერთოდ არ იცოდნენ ეს ლაქა რომ არსებობდა. თქვენ შეიძლება გჯერათ ამ დამთვხვების, მაგრამ ივანიშვილის ღობესთან რომ შეიძლება რამე შეცდომა მოხდეს, არც მე, და ალბათ საზოგადოების ნაწილსაც არ სჯერა. მე პირობითად მინდა დაგიჯეროთ, მაგრამ ამბობთ, რომ ერთი დღით ადრე რუკაზე გაიპარა შეცდომა. შეცდომებით დახუნძლული გენერალური გეგმა რომ მივიღოთ და მერე ზონას ვნახავთ რა გამოვა... რუკას საერთოდ არ კითხულობთ?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საუბარია, 14 ათასზე მეტ კვადრატული მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაა, თუმცა მას გენგეგმის მიხედვით ზონალური სტატუსი ეცვლებოდა.

ტერიტორია ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს, სწორედ ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პროექტში ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა და ზონალური სტატუსი ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო შეიცვალა.  ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც "კურიერმა" ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.

დღის ამბები