18 აპრილი 2024,   23:21
ვრცლად
"რა საჭიროა ეს უაზრო დატოლება?" - გოკა გაბაშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს

„ყავის ლაქა გამიგია, ღვინის ლაქა გამიგია და რეკრეაციული ზონა 2-ის ლაქა აღარ გამიგია“- ასე ეხმაურება საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.

დღეს გიორგი ტყემელაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეზობლად მდებარე 14 ათას 500 კვადრატულ მეტრს, რეალურად ზონალური სტატუსი არ შეცვლია და რუკაზე უბრალოდ ლაქა იყო.

გაბაშვილი ამბობს, რომ ჯობდა საკრებულოს უმრავლეოსბასა და მერიას შეცდომა ეღიარებინათ და შედავება არ დაეწყოთ.

გარდა ამისა, გაბაშვილი გამოეხმაურა საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გიგი უგულავას მერობის დროს მისივე  ხელმოწერით ჭავჭავაძის გამზირზე ზონალური შეთანხმებით 14.0 კოეფიციენტი გაიცა. გაბაშვილმა ამ შედარებას „უაზრო დატოლება“ უწოდა.

„უაზრო დატოლებაა - რა არის და როგორ არის, აი, როგორ იყო თქვენ დროს. უკაცრავად, სტატისიტიკას მაინც დახედეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ K2 კოეფიციენტის გაყიდვა არის ბევრად უფრო მეტჯერ მომხდარი. რა საჭიროა ეს დატოლება?“- ამბობს გაბაშვილი.

გენერალური გეგმის განხილვა საკრებულოში ხმაურისა და კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. 

გენერალურ გეგმაში შეცვლილი სტატუსების გარდა, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე მშენებლობები შეახსენა. ზარქუას თქმით, უსაფუძვლოა ბრალდება, რომ ამ ტერიტორიაზე რესტავრაცია შესაბამისი წესების დაცვით არ მიმდინარეობს.

საკრებულოს დეპუტატმა ნიკა ვაჩეიშვილმა კი ზარქუას უთხრა, რომ გუდიაშვილზე მიმდინარე რესტავრაციას "პომადის წასმის იაფფასიანი" მეთოდიკა უწოდა. 

დღის ამბები