24 მარტი 2019,   15:57
ვრცლად
ხურვალეთში შესასვლელი გზა ამ დრომდე დაკეტილია - სოფლის მთელ პერიმეტრზე პოლიციის საგუშაგოებია განლაგებული

სოფელ ხურვალეთში შესასვლელი გზა ამ დრომდე დაკეტილია. დასახლებას სამართალდამცველები აკონტროლებენ, სოფლის მთელ პერიმეტრზე პოლიციის რამდენიმე ახალი საგუშაგოა განლაგებული.

დღის მეორე ნახევარში, სამართალდამცველების თანხლებით მედიის წარმომადგენლები დასახლებულ პუნქტში იმ ადგილამდე მიიყვანეს, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს საგუშაგო კოშკურა აქვთ. დილიდან გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსული იყვნენ რუსი ჯარისკაცები.

ჟურნალისტებს ადგილზე მხოლოდ ევროკავშირის ორი მანქანა და ქართველი სამართალდამცველები დახვდნენ. საოკუპაციო რეჟიმის სამხედროები კი სოფლის სიახლოვეს იყვნენ დისლოცირებულნი.

სუს-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ საოკუპაციო ხაზთან სოფელში სიმშვიდეა და არანაირ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია.

თუმცა, სოფლის დასაწყისიდან ბოლომდე პოლიციამ რამდენიმე ახალი საგუშაგო მოაწყო. ცენტრში მდებარე განყოფილებასთან კი ჯავშანმანქანები ე.წ. კობრები ჰყავდა მობილიზებული.

ადგილობრივები დილით მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ რუსი სამხედროები სოფელში არ უნახავთ. ლუბა სალია სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო საზღვართან ახლოს ცხოვრობს. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია დღეს სწორედ მან გაავრცელა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მობილიზება, საოკუპაციო ხაზს მიღმა შეიმჩნეობდა და მათ მავთულხლართები არ გადმოუკვეთავთ. ქეთევან ციხელაშვილმა კი განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები პოლიციისგან მათ შეკითხვებზე პასუხებს დიდხანს ითხოვდნენ. მათთვის გაუგებარი იყო მოცემულობა, რომ თუ სოფელში სიმშვიდე იყო, რატომ არ აძლევდნენ სამართალდამცავები იქ შესვლის საშუალებას.

დღის ამბები