19 მაისი 2019,   23:34
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტი და ხმაური საკრებულოში - ბოტანიკური ბაღის ნაწილს ზონალური სტატუსი ვეღარ შეუცვალეს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობით დაამტკიცეს. „ოცნების“ დეპუტატებს გეგმის დამტკიცებამდე იმის აღიარება მოუწიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიმდებარედ 15 ათასამდე კვადრატული მეტრისთვის ზონის ცვლილება ნამდვილად იგეგმებოდა და შესწორება თბილისის განვითარების მთავარ დოკუმენტში კენჭისყრამდე შეიტანეს.

ტექნიკური ხარვეზი, შეცდომა და ლაქა დღეს არ უხსენებია თბილისის მერს. კახა კალაძემ მედიას უკვე ის შედეგები გააცნო, რაზეც თბილისის მერია ბოტანიკურ ბაღში 15 ათას კვადრატულამდე მიწის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ჩამოყალიბდა.

თბილისის გენგეგმის ავტორი, მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეზობლად 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწის სტატუსი შესაცვლელი იყო.

მერის მოადგილე, მაია ბითაძე, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ბოტანიკურში არაფერის მშენებლობა არ იგეგმებოდა, დღეს თქვა, რომ ზონა 2-ის მინიჭება ბოტანიკურის 15 ათასზე კვადრატულზე უბრალო შეცდომა იყო.

ოპოზიციამ დღეს საკრებულოს სხდომაზე ყველა ის დოკუმენტი მიიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ თბილისის გენგეგმაში დამტკიცების წინ ასობით ცვლილება შეიტანეს და გამწვანებულ ზონებში „ოცნების“ შემომწირველებს და მართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირებს მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე მწვანე შუქი აუნთეს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის მიმართ დიდი იყო საზოგადოების ინტერესი. დარბაზი საკითხის მოსმენის მსურველებით ბოლომდე სავსე იყო.

დღის ამბები