25 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
"დაგვანებეთ თავი, არ იყვნენ გადმოსულები, მე არ მინახია" - ხურვალეთის მცხოვრები

"დაგვანებეთ თავი. არ იყვნენ გადმოსულები, არ მინახია მე," - ასე მიმართეს ხურვალეთის მცხოვრებლებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც რამდენიმე წუთის განმავლობაში სოფელში შეუშვეს.

მათი თქმით, გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან.

„ეს არის ხელოვნური პროვოკაცია, ხალხო, ნუღარ გვაწუხებთ. არ გვინდა. მშვიდობაა, სიწყნარეა. ხლართებთან იდგნენ, არ გადმოლახეს, მე არ მინახია,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი კი, რომელიც გუშინ ამბობდა, რომ სამი ნიღბიანი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, დღეს აცხადებს, რომ ოკუპანტები სოფელში არ ყოფილან.

ამ დროისთვის გორის მიმდებარე სოფლებში ოკუპანტების გადაადგილება არ შეინიშნება, თუმცა, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა ისევ ადგილზე რჩება.

ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები გუშინ ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად, რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები არ გადმოსულან.

დღის ამბები