25 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
თბილისში ახალი 220 ავტობუსის შემოყვანა ჭიანურდება - ცდილობენ, კალაძის მეგობრის - ბექა ოდიშარიას, ოჯახის წევრის კომპანიას გაამარჯვებინონ

უკვე 4 თვეა, თბილისის მერია ვერ ახერხებს დედაქალაქში ახალი 220 ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გააფორმოს. ფული გამოყოფილია, ტენდერი ჩატარებულია, მაგრამ პროცესი იმის გამო ჭიანურდება, რომ ორი მთავარი მონაწილე, რომელსაც თურქეთიდან ავტობუსები უნდა შემოეყვანა, ამ დრომდე ერთმანეთში დავობს.

შესყიდვების სააგენტომ ჯი თი ჯგუფს ტენდერის პირობების დარღვევის გამო დისკვალიფიკაცია მისცა და ტენდერიდან გამოთიშა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კომპანია კახა კალაძის მეგობარი დეპუტატის - ბექა ოდიშარიას, ოჯახის წევრს ეკუთვნის და ცდილობენ, გაამარჯვებინონ და 79 მილიონი მისცენ.

220 ავტობუსის შესაძენად მერიამ ტენდერი ნოემბერში გამოაცხადა, თუმცა იმის გამო, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას, ნათესავის კომპანიამ ვერ გაიმარჯვა, ახალი ავტობუსების ბედი ისევ გაურკვეველია.

ხმაურიანი ისტორია ნოემბრიდან იწყება. თბილისის მერიამ 220 ავტობუსის შესაძენად 79 მილიონი ლარი გამოყო. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ავტობუსები, რომელსაც გამარჯვებული კომპანია მერიას მიაწვდიდა, ევროპაში გამოცდილი უნდა ყოფილიყო.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მომწოდებელს ბოლო სამი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 10 ავტობუსი ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის უნდა ჰქონოდეს მიწოდებული.

ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. აქედან ერთი შპს გრავიტა კონკურსს თავიდანვე გამოეთიშა. ორ მთავარ მონაწილეს შორის კი დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. ინტერ ავტოტრეიდი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას, ოჯახთან დაკავშირებული კომპანია მთავარ პირობას ვერ ასრულებს და ტენდერის გამოცხადების დროს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ავტობუსები მიწოდებული არ ჰქონდა. ინტერ ავტოტრეიდმა ამის გამო დავების საბჭოში იჩივლა, რაც საბოლოოდ ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებული კომპანიის დისკვალიფიკაციით დასრულდა.

იურისტი ეკა შანიძე ამტკიცებს, რომ მერია შემოვლითი გზებით დისკვალიფიცირებული კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადებას ცდილობს.

დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლის, ლევან გოგსაძის, კომპანია აღმოჩნდა ჯერ დისკვალიფიცირებულთა სიაში, ახლა კი შესაძლოა, ბიუჯეტიდან 79 მილიონი მისცენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ კახა კალაძე მეგობარი დეპუტატის ხათრით ასობით ათას მგზავრს აზარალებს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კახი კალაძე მხოლოდ მეგობარი დეპუტატის - ბექა ოდიშარიას, გამდიდრებაზე არ ზრუნავს და ამით სარგებელს პარტია ქართული ოცნებაც იღებს. ჯი თი ჯგუფი, რომელსაც, საკრებულოს დეპუტატის მტკიცებით, მერი ლობირებს, მმართველი გუნდის სპონსორია და მის დამფუძნებლებს 2012 წლის შემდეგ ჯამში 218 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

თბილისის მერი ადასტურებს, რომ ოდიშარია მეგობარია, თუმცა უარყოფს, რომ ის ამის გამო ჯი თი ჯგუფს ლობირებს.

კომპანიის ხელმძღვანელთან ნათესაურ კავშირზე დასმულმა შეკითხვამ ქართული ოცნების დეპუტატი ოდიშარია გააღიზიანა. მისი თქმით, კომპანიის საქმიანობასთან კავშირი არა აქვს.

Presa.ge-ის დირექტორმა ჯი თი ჯგუფის მიერ მოგებული ტენდერები შეისწავლა და დაადგინა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ კომპანიამ ათეულობით მილიონი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

 

 

დღის ამბები