20 აპრილი 2024,   02:29
ვრცლად
რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი - ირაკლი კვარაცხელია სენაკში, დედის გვერდით დაკრძალეს

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, დედის გვერდით დაკრძალეს. ახალგაზრდა მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. საოკუპაციო ხაზთან დაკავების შემდეგ კი იგი რუსმა ჯარისკაცებმა ნაბაკევის ბაზაზე გადაიყვანეს სადაც გავრცელებული ინფორმაციით ელექტროშოკი გამოიყენეს. ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებებიც აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობასაც ადასტურებს.  ცხედარს მარჯვენა თვალთან ჭრილობა აქვს, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული შუბლის და ყელის არეშიც. სენაკში გადასვენებამდე, ცხედარს ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდა. სპეციალისტები იმ დაზიანებებს იკვლევდნენ, რომელიც რუსულ ბაზაზე საქართველოს მოქალაქეს მიაყენეს. დადგინდა, რომ ქართული მხარისათვის ცხედრის გადმოცემამდე, კვარაცხელია სოხუმში გაკვეთეს, თუმცა რა მანიპულაციები ჩაატარეს ოკუპირებულ აფხაზეთში უცნობია.

უკვე რამდენიმე დღეა საოკუპაციო რეჟიმი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს. რუსეთის ფედერაციას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულების ქართული მხარისთვის გადმოცემას სთხოვს ევროკავშირის ელჩიც. კარლ ჰარცელმა სამძიმრის წერილი დღეს გაავრცელა და კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა. 

ავტორი: ემა გოგოხია.

ამავე თემაზე
დღის ამბები