„წასვლის წინ თავად თქვა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი, ახლა იმყოფება თუ არა საფრთხის ქვეშ, არ ვიცი”-ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა გააკეთა.
წიქარიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მისი თქმით ნინო გვენეტაძემ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კახა წიქარიშვილის განცხადებით, ნინო გვენეტაძეს მასთან საუბარში არ დაუმალავს რომ იყო ძალადობის მსხვერპლი იმ კლანების მხრიდან რომლებიც სასამართლოს დღესაც მართავენ.
წიქარიშვილი ცერცვაძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებას ასახელებს და აცხადებს, რომ სასამართლოს სისტემაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ მან პირადად აცნობა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.
„რამდენჯერმე ვთხოვე შეხვედრა, მაგრამ ვერ შევხდი. გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ერთად ვგეგმავდით მთელ რიგ ღონისძიებებს ამ კლანის წინააღმდეგ, მან ვერ შეძლო კლანის დამარცხება და იძულებული იყო ეთანამშრომლა ამ კლანთან, მივიდა რაღაც პიკამდე , მორალურ პიკამდე. ორი კლანია ცერცვაძე-ჩინჩალაძისა და კუბლაშვილის კლანები იყო. ცერცვაძე-ჩინჩალაძეს ჰყავთ თავისი ჯგუფები და მართავდნენ სასამართლოებს. 2012 წლამდე ამ ჯგუფებით ხდებოდა ცუდი საქმეებით მანიპულირება და კეთება რასაც კობახიძე ცუდ საქმეს ეძახის. დიდი ხანია სასამართლოსი არის მორჩილების სინდრომი. მე მივწერე წერილი წულუკიანს, ვთხოვე, შექმნილიყო კომისია , რომ შეესწავლა სასამართლოს სიტუაცია. ეს არის იგივე კლანი ვინც მართავდა სასამართლოს წინა ხელისუფლების დროსაც. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ გაუძლო ზეწოლას, მარგველაშვილის წარდგენილი მოსამართლეები ხმას ვერ იღებენ, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეთა კორპუსი ვერ იღებს ხმას,”-განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ იხსენებს, რომ ნინო გვენეტაძეს ჰქონდა მცდელობა სასამართლო სისტემისთვის ჩამოეშორებინა ჩინჩალაძე. კახა წიქარიშვილის თქმით მან თავად არ ურჩია ნინო გვენეტაძეს ჩინჩალაძის წინააღმდეგ დევნის დაწყება, რადგან მას ისედაც მოსამართლეობის ვადა ეწურებოდა.
"გვენეტაძემ მხარი დაუჭირა ჩინჩალაძეს, 2016 წელს მე მთხოვა მომემზადებინა საქმე ჩინჩალაძის წინააღმდეგ, მას საქმეები არ ჰქონდა განხილული წლების განმავლობაში. მე არ ვურჩიე დევნის დაწყება, იმიტომ რომ ვადა ეწურებოდა და მხარს არ დაუჭერდა იუსტიციის საბჭო და არ დაიწყო დევნა ჩინჩალაძის წინააღმდეგ. რაც შეეხება მურუსიძეს, გვინდოდა მურისუძისთვის ჩამოგვეცილებინა დისციპლინური უფლებები,”-განაცხადა წიქარიშვილმა.