20 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
უნდათ, რომ კლანს გადაუფორმონ უზენაესი სასამართლო - ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ "ოცნების" კანონპროექტს აფასებს

მმართველმა გუნდმა საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა - ასეთია ოპოზიციის შეფასება, მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ზრუნავს სასამართლოში მოქმედი კლანის გაძლიერებაზე და მისივე მომზადებული კანონპროექტით სურს, უზენაესი სასამართლო გადაუფორმოს.

Related image„გუშინდელ კომიტეტზე ვიხილეთ თვითლუსტრაცია და სწორედ ეს დანიშნულება აქვს ამ საპარლამენტო განხილვებს, რომ საზოგადოება ხედავს ვინ რა პოზიციაზე დგას,  ვინ რას ლობირებს. ქართული ოცნება არის მარტო. არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია „ევროპული საქართველო“ ზოგადად პოლიტიკური ჯგუფები, ყველანი არიან წინააღმდეგი რომ  ამ კლანს  გაუხანგძლივდეს და უზენაესი სასამართლო გადაუფორმონ. მაგრამ ქართული ოცნება ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიუყვება ამ გზას. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთვის ნეგატიური მოვლენა. "ქართული ოცნება"  ამას ვერ ხვდება მაგრამ მათ პოლიტიკურ დასასრულს ეს კიდევ უფრო აახლოებს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

კლანური მმართველობის გაძლიერებაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობაც". რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სწორედ იმ მოსამართლეების ხელით ახორციელებს რეპრესიულ ქმედებებს რომელთა წარდგენაც უზენაეს სასამართლოში სურს.

Image result for რომან გოცირიძე

"კლანის ნაწილი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი აქ უმრავლესობის მიერ და პრაქტიკულად ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენება იმისა, რომ ხელისუფლება დგას სწორედ მსგავსი მოსამართლეების მხრებზე. ვინაიდან მოსამართლეები არ არიან მხოლოდ პოლიტიკური დევნის განმახორციელებელი სუბიექტები რასაც ჩვენ შევეჩვიეთ, მოსამართლეები არიან ის ადამიანები რომელთა მეშვეობით ბიზნესი ყურით უჭირავს ხელისუფლებას. თუნდაც იგივე თიბისის საქმე ავიღოთ. მათ აქვთ მრავალმხრივი რეპრესიული ფუნქცია. ეს უნდა დაინგრეს და როგორმე ეს კლანი ჩამოსცილდეს სასამართლო სისტემას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობისა და ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული კანონპროექტები გადის. „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს შეეძლოს მოსამართლეთა კანდიდატების დასახელება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი კი ამას არ ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეთა კანდიდატების დასახელების უფლება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აქვთ. 

დღის ამბები