25 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საპატრიარქო ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირები სამხედრო სამსახურიდან უნდა თავისუფლდებოდნენ.

საპატრიარქოში ასევე, თვლიან, რომ ფსევდორელიგიური პირების მხრიდან აღნიშნული კანონის „მერკანტილური ინტერესებისთვის“ გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სათანადო ზომები უნდა გატარდეს.

„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

„ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ დროებით შეაჩერა. ინიციატივით კანონმდებლებს თავად სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე მიმართა. სესიაშვილმა განმარტა, რომ არ აპირებს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტიდან გაიწვიოს, თუმცა ამ ეტაპისთვის მან კოლეგებს კონსულტაციები შესთავაზა. 

კანონპროექტის მიხედვით, სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვეღარ გათავისუფლდებიან, თუმცა ეს შეზღუდვა არ შეეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. სწორედ ეს ნაწილია ოპონენტებისთვის მიუღებელი და მას დისკრიმინაციულ კანონპროექტს უწოდებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები