20 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
თემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა - დაშავებულია ერთი ადამიანი

თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, დახურულ აივანზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. 

როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია ერთი ადამიანი. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია. 

ყაზტრანსგზაში "კურიერის" უთხრეს, რომ აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლი 1 ნაწილით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, დაშავებული ბინაში მცხოვრები მამაკაცია.

ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

 

დღის ამბები