25 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
საერთაშორისო გაერთიანება ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, რაც საქართველოში ხდება... TBC-ის საკითხი მთავარია - საფრანგეთის ელჩი

საქართველოში ბიზნესგარემოს მკვეთრად გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყურადღებით სწავლობს დიპლომატიური კორპუსი. საქართველოში საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე აცხადებს, რომ საერთაშორისო გაერთიანება შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით, ხოლო დიპლომატების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი "თიბისი"-ს გახმაურებული საქმეა.

„საერთაშორისო გაერთიანება ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. დიდი ყურადღება ეთმობა გავრცელებულ ცნობებს. რა თქმა უნდა, „თიბისის“ საკითხი მთავარია. მისი ხელმძღვანელები მაღალი და კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. უამრავი კომპანია და ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს მათთან, EBRD-ის  ჩათვლით. თუ ჩვენ გვექნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის ქმედებები ბიზნესში პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას. თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს, უნდა განაგრძოს არჩეული გზა. ეს ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების არარსებობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ისეთ ბიზნესატმოსფეროს, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს მიესალმება,“ - განაცხადა პასკალ მენიემ.

"თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უკვე 8 თვეა, მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

საქმეზე გამოკითხულია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

გამოძიების კითხვებს ბანკის გენერალური დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემაც უპასუხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები