25 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
საყოველთაო მობილიზება უმრავლესობაში და უპრეცედენტო გადაწყვეტილება - მმართველმა პარტიამ ყოფილი თანაგუნდელი საკუთარი ძალებით თანამდებობიდან ვერ გადააყენა 

მმართველმა გუნდმა ყოფილი თანაგუნდელის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება საკუთარი ძალებით ვერ შეძლო. 

არც პირადად ბიძინა ივანიშვილის ჩარევა და არც კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოაგროვა ის 76 ხმა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო იყო.

ამის შემდეგ კი საქმეში მძიმე პარტიული არტილერია ჩაერთო, დაინიშნა ბიუროს სხდომა,  გამოაცხადეს საყოველთაო საპარლამენტო მობილიზაცია და მიიღეს უპრეცედენტო გადაწვეტილება - საკითხი ხელმეორედ გამოიტანეს კენჭისყრაზე. საბოლოო კვაჭანტირაძემ თანამდებობა მეორე კენჭისყრამდე საკუთარი განცხადებით დატოვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ კენჭისყრაზე საკმარისი ხმები ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოგროვდა. მათი ნაწილის განცხადებით, დეპუტატებს ღილაკების ფერი აერიათ და მწვანე ღილაკების ნაცვლად ხელი წითელ ღილაკს დააჭირეს.

დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ამბობს, რომ ინსინუაციების საფუძველი არ არსებობს. 

„ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი იყო, მეორე საკანონმდებლო პაკეტზეც ანალოგიური შეცდომა დაფიქსირდა ტექნიკური. ასე რომ, აქ განსაკუთრებული ინსუნაციების ადგილი არ არის. ჩვენი დამოკიდებულება ნათელია და არა მარტო დღეს, მთელი ამ დღეების განმავლობაში მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები კეთდება ამ გუნდთან დაკავშირებით. ასე რომ, რაიმე ნებისმიერი კითხვა არ მგონია, რომ საფუძვლიანი იყოს,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, რატი იონათამიშვილი, ამბობს, რომ მას საკუთარი აზრი დაფიქსირებული ჰქონდა, ფიქრობდა, რომ  ზვიად კვაჭანტირაძე უნდა გადამდგარიყო, თუმცა ამბობს,რომ ტექნიკური ხარვეზი მოხდა.

„ჩემს შემთხვევაში ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. ჩემი პოზიცია, რომ ზვიად უმრავლესობის დატოვებასთან ერთად უნდა დაეტოვა თანამდებობაც, მე კენჭის ყრამდეც დავაფიქსირე, ცხადია მე ამ პოზიციის ერთგული ვრჩები,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სესიაზე ტექნიკური ხასიათის პრობლემა მოხდა. ხოლო რაც შეეხება კონსულტაციებს ირაკლი კობახიძესთან, მათიკაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეკრება კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს არ უკავშირდებოდა.  

„ვერ გაერკვნენ კარგად ჩვენი კოლეგები, რომელი იყო სწორი გადაწყვეტილება - მხარდაჭერა თუ უარყოფა, შედეგი მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან სისტემატიურად ვიკრიბებით და ამ საკითხს გნებავთ დაუკავშირეთ, გნებავთ, ნუ დაუკავშირებთ,“ -  განაცხადა მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები