25 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
"გადაყენების და გარიცხვის წინააღმდეგი ვარ" - უმრავლესობის წევრების განმარტება კვაჭანტირაძის გადაყენებისთვის ხმის არმიცემაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებმაც დღეს ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, განმარტებებს აკეთებენ.  ნაწილი ამბობს, რომ კვაჭანტირაძის გადაყენების წინააღმდეგ არ იყვნენ, თუმცა, ტექნიკური ხარვეზი მოხდა და არასწორი პოზიცია დაფიქსირდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კი განმარტავს, რატომ არ მისცეს ხმა კვაჭანტირაძის გადაყენებას, ან რატომ შეიკავეს თავი.

ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ ის არ იყო საქმის კურსში, რა გადაწყევტილება მიიღეს უმრავლესობის სხდომაზე.

„უმრავლესობის სხდომა დაინიშნა ექვსის ნახევარზე,  მე უმრავლესობის სხდომას შევუერთდი გვიან. როგორც გაირკვა, ამ საკითხზე იყო მსჯელობა მოყვანილი, იყო მცდელობა ურთიერთობის უფრო მეგობრული ვითარებით გადაწყვეტის, მაგრამ დღეს როგორცვ ვიგებ, არ შედგა ასეთი გადაწყევტილება. ამიტომ პირდაპირ გეტყვით, ინფორმაცია არ მქონდა ამ საკითხზე მსჯელობის და დარბაზში მივიღე ასეთი გადაწყვეტილება - თავი შევიკავე,“ - ამბობს ხუციშვილი.

უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე, კი ამბობს, რომ ის გარიცხვისა და გადაყენების წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა. ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომას, სადაც კვაჭანტირაძის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, არ ესწრებოდა.

„მხარი არ დავუჭირე ბატონი ზვიადის გადაყენებას. ადრეც დამიფიქსირებია ბევრჯერ, რომ ყველანაირი გარიცხვა-გადაყენება და მსგავსი პროცედურები ჩემთვის მიუღებელია,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მმართველმა გუნდმა მათი ყოფილი თანაგუნდელის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება საკუთარი ძალებით ვერ შეძლო. 

არც პირადად ბიძინა ივანიშვილის ჩარევა და არც კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოაგროვა ის 76 ხმა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო იყო. ამის შემდეგ კი საქმეში მძიმე პარტიული არტილერია ჩაერთო, დაინიშნა ბიუროს სხდომა,  გამოაცხადეს საყოველთაო საპარლამენტო მობილიზაცია და მიიღეს უპრეცედენტო გადაწვეტილება - საკითხი ხელმეორედ გამოიტანეს კენჭისყრაზე. საბოლოო კვაჭანტირაძემ თანამდებობა მეორე კენჭისყრამდე საკუთარი განცხადებით დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები