24 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
„მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, ღირსების კვდომას" - ეკა ბესელია

„მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, ღირსების კვდომის გამო," - ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების გადაწყვეტილებას, რომ ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების შესახებ კენჭისყრა მეორედ გამართულიყო.

ბესელიას განცხადებით, კვაჭანტირაძემ პირველი კენჭისყრის შემდეგ, სადაც მისი გადაყენება ვერ მოხერხდა, მზაობა გამოთქვა გადადგომაზე, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმეორებითი კენჭისყრა მაინც დანიშნეს. 

ბესელია ამბობს, რომ ახლა რაც პარლამენტში ხდება, საკანონმდებლო ორგანოსთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაა. დეპუტატის თქმით, ასევე განაჩენი გამოაქვს საკუთრი თავისთვის ყველა დეპუტატს, ვინც მზად იყო, განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო. 

"ვუყურებ, პარლამენტი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორ კარგავს სახეს ამ თავის სულმდაბლობით. გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს, რა მძიმე პოლიტიკური პროცესის მონაწილეა.  

"მწვანე ღილაკზე ხელის მიჭერა ნიშნავს, რომ პარლამენტს უკლავ ღირსებას. ასე ქცევა, ასე მოქცევა რაში წერია? ახლა რაც ხდება, ეს ნიშნავს, პარლამენტი ჩაასვენო, გაასვენო და საკუთარ თავსაც განაჩენი გამოუტანო,“ - განაცხადა ბესელიამ.

მმართველმა გუნდმა მათი ყოფილი თანაგუნდელის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება საკუთარი ძალებით ვერ შეძლო. არც პირადად ბიძინა ივანიშვილის ჩარევა და არც კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოაგროვა ის 76 ხმა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო იყო. ამის შემდეგ კი საქმეში მძიმე პარტიული არტილერია ჩაერთო, დაინიშნა ბიუროს სხდომა,  გამოაცხადეს საყოველთაო საპარლამენტო მობილიზაცია და მიიღეს უპრეცედენტო გადაწვეტილება - საკითხი ხელმეორედ გამოიტანეს კენჭისყრაზე. საბოლოო კვაჭანტირაძემ თანამდებობა მეორე კენჭისყრამდე საკუთარი განცხადებით დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები