24 აპრილი 2019,   18:59
ვრცლად
"ოცნების" შურისძიება ჩაიშალა - საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ხმები ვერ მოაგროვა

ქართული ოცნების შურისძიება ჩაიშალა - საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ხმები ვერ მოაგროვა.

ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალების მიუხედავად, მმართველი პარტიის სრულმა შემადგენლობამ ძველი თანაგუნდელის გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირა, რასაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოჰყვა.

კრახი ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებმა ტექნიკური ხარვეზით ახსნეს. დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ღილაკები აურეს და მწვანის ნაცვლად თითი წითელ ღილაკს მიაჭირეს.

გადამწყვეტი კენჭისყრის შემდეგ განხილვის თემა გახდა - ვინ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და ვინ ვერ გაარჩია ერთმანეთისგან წითელი და მწვანე.

გამოგონილი ვერსია თავის მართლებისთვის მალევე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააქარწყლა.

მამუკა მდინარაძის კომენტარით უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა ის დეპუტატი, ვინც ამტკიცებდა, რომ კვაჭანტირაძის წინააღდეგ ხმის მიცემა უნდოდა, უბრალოდ, ღილაკი აერია. მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ კრახი ოცნების ბირთვის ბრალია, რომელმაც დარბაზში დეპუტატების მობილიზება ვერ მოახდინა.

კურიერის ინფორმაციით, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს დაავალა, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ინსტრუქციებით იმოქმედონ და ხმაც იმ გადაწყვეტილებებს მისცენ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ეტყვის.

ირაკლი კობახიძე დღეს არ დაუმალავს, რომ კვაჭანტირაძის გადაყენება პოლიტიკური საკითხი იყო და ამ თემაზე უმრავლესობა ერთსულოვანიც იყო. ეს პოლიტიკური განაცხადი კობახიძეს რამდენიმე წუთში ძვირად დაუჯდა.

კობახიძე-მდინარაძის ჯგუფმა კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე ხელმეორედ დააბრუნა. ე.წ. განდგომილმა დეპუტატებმა ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს ღირსების დასამარებაში დაადანაშაულეს. ეკა ბესელიამ თავი პარლამენტის ჭირისუფლად გამოაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე მისივე თანაგუნდელების სიას თავად ითვლიდა და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან ერთად ამოწმებდა. მოიყვანეს ყველა დეპუტატი, ვინც თბილისში იყო.

კვაჭანტირაძემ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა სხდომათა დარბაზში დატოვა და მობილიზებულ უმრავლესობას კენჭისყრა აღარ დასჭირდა.

უმრავლესობას დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს. ზვიად კვაჭანტირაძის შემცვლელი კრწანისის მაჟორიტარი, ბექა ოდიშარია, გახდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები