25 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
განზრახ გააჩინეს თუ არა ხანძარი დიდ დიღომში - "კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე ვერსია განიხილება

გამანადგურებელი ხანძრიდან 48 საათის შემდეგაც ისევ უცნობია, როგორ გაჩნდა იზოლირებულ და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ საწყობში ძლიერი ცეცხლი.

კურიერის ინფორმაციით, მთავარი ვერსია, რაზეც კრიმინალი პოლიცია მუშაობს, ხანძრის განზრახ გაჩენაა, მთავარი ეჭვმიტანილი კი ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძეა.

მჭედლიძე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, თუმცა, მთავარ კითხვას, რას აკეთებდა არასამუშაო საათებში საწყობში, სადაც ერთი დღეც კი არ უმუშავია, არ პასუხობს.

ამ კითხვაზე მჭედლიძემ სამართალდამცველებს დაკითხვაზეც არ უპასუხა. მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მჭედლიძე ჩვენების მიცემას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით აპირებს.

კურიერის ინფორმაციას, რომ ხანძარი ტერიტორიაზე შემთხვევით არ გაჩნდა, დღეს უკვე ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განიხილავენ შპს ინტერტექნიქსის მეწილეებიც.

ორ ბიზნესპარტნიორს შორის უკვე წლებია, სამოქალაქო დავა მიმდინარეობს. ამ კომპანიის 51%-ს თენგიზ ჭანტურია ფლობს, 49%-ს კი პაატა ნოზაძე. ორივე მხარე სასამართლოში წილებზე დავობს და ერთმანეთს ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში სდებს ბრალს.

ინტერტექნიქსის მფლობელის, თენგიზ ჭანტურიას, ადვოკატს სჯერა, რომ მილიონობით ზარალი კომპანიას განზრახ მიაყენეს და ყველაფერს ნოზაძესთან წამოწყებულ სამართლებრივ დავას უკავშირებს.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელია, მოწინააღმდეგე მხარემ სწორედ ხანძრის გზით აარიდა თავი 180 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას, რომელიც სასამართლომ პაატა ნოზაძეს და მის პარტნიორებს დააკისრა.

კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც ჭანტურიები განიხილავენ, ქონების უკანონოდ მითვისებას უკავშირდება.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ, სავარაუდოდ, საწყობში შენახული ნივთები მას ჩუმად ბიზნესპარტნიორმა გაუყიდა, ხანძარი კი შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით გააჩინა.

პაატა ნოზაძე ყველა ბრალდებას უარყოფს და მილიონობით ზარალს შურისძიების მოტივით ხსნის.

ნოზაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესპარტნიორი ჭანტურია შპს ინტერტექნიქსის ფინანსებს პირადი მიზნებისთვის დაუკითხავად იყენებდა, რის გამოც, ნოზაძემ საკუთარი წილების მიღებისთვის ბიზნესპარტნიორს სასამართლოში უჩივლა. ამ მიზეზით განაწყენებულმა ჭანტურიამ კი კონკრეტულ პირებს საწყობის გადაწვა დაავალა.

ბიზნესპარტნიორებს შორის კონფლიქტი 2013 წელს გამწვავდა, როდესაც შპს ინტერტექნიქსის მაშინდელმა დირექტორმა, თენგიზ ჭანტურიამ, თიბისი ბანკიდან 200 ათასი დოლარის საბანკო გარანტია მიიღო.

ნოზაძე ამტკიცებს, რომ ჭანტურია დამოუკიდებლად მოქმედებდა და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, რის გამოც სასამართლოში იჩივლა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, პაატა ნოზაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დამწვარ საწყობში 4 კომპანიის ქონება ინახებოდა. ოთხი კომპანიიდან კი ნივთები მხოლოდ ერთს - ემ ენი ჯგუფს ჰქონდა დაზღვეული. ეს კომპანია ინტერტექნიქსის მფლობელის, პაატა ნოზაძის, მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

ზარალს ემ ენ ჯგუფს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აუნაზღაურებს. 

დამწვარ საწყობს რამდენიმე სათვალთვალო კამერა აკონტროლებს, თუმცა ის, რომ კამერები გათიშულია, მხოლოდ კომპანიების თანამშრომლებმა იცოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები