19 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
"ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტოს, ამათთან ერთად უნდა გააგრძელოს ქართული სახელწმიფოს მშენებლობა?" - ბესელია ირაკლი კობახიძის გუნდზე

„უგვანი და იაფფასიანი კომენტარები,“ - ასე აფასებს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძის და ვანო ზარდიაშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

არჩევანის ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელია პოლიტიკურ თანამდებობას პირადი მიზნებისთვის იყენებდა. ხოლო გუშინ იურიდიულ საკითთა კომიტეტზე ვანო ზარდიაშვილმა ბესელია მწვავედ გააკრიტიკა და მიმართა, რომ მის „ხელებს ასდის ფულის სუნი“.

ეკა ბესელიას თქმით, ვანო ზარდიაშვილს და მამუკა მდინარაძეს არ მოიაზრებს თანაგუნდელებად. ბესელიამ ზარდიაშვილი და მდინარაძე გააკრიტიკა და კორუფციაში დაადანაშაულა.

„რას იტყვის ზღვის დონეზე დაბლა მყოფი ზარდიაშვილი, რომელიც კორუფციაშია თავიდან ბოლომდე ჩაფლული და მდინარაძესთან ერთად, პარლამენტი წარმოიდგინა კორუფციის მთავარი იარაღი და უნდოდა, შუამავალი ყოფილიყო პარლამენტს და სასამართლოს შორის და სასამართლოს სახელით ლაპარაკობდა და მერე ამბობდა, რომ მე და მდინარაძემ რაღაც ბუღალტერიის ჩანაწერები უნდა შევქმნათო და მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო გარკვეული დალაგება ურთიერთობების სააკაშვილისდროინდელ მოსამართლეებთან და ახლანდელ პარლამენტთან. გასაგებია ჩემთვის იმიტომ, რომ ეს იყო ხელწერა. ეს ორივე ადამიანი, რომელიც ერთ ოჯახს წარმოადგენს, მე მახსოვს სააკაშვილის დროს რას სჩადიოდნენ, ერთი ზონდერი იყო, მეორე ადეიშვილის პროკურატურის კარისკაცი იყო, ეს მდინარაძე ადვოკატობდა და ადვოკატობის დროს ითვლებოდა, როგორც შუამავალი ადვოკატი და პროკურატურასთან დაახლოებული პირი,“ - ამბობს ბესელია.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც, გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისიც ირაკლი კობახიძის გუნდის წევრია.

„ბატონი კობახიძე რომ წვალობდა და სუბიექტური მიზნები რა იყო, ვერ გითხრათ, ვერც გეტყვით, ვერავინ ვერ გეტყვით კონკრეტულს იმიტომ, რომ შვიდი წლის განმავლობაში არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელიც პერსონალური სურვილებით გადამიწყვეტია,“ - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ახლა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

"ახლა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს, ამათთან ერთად უნდა გააგრძელოს ქართული სახელწმიფოს მშენებლობა, ეს არის ის ქართული ოცნება? ეს მისი გადასაწყვეტია, მის არჩევანია," - განაცხადა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები