24 აპრილი 2019,   19:00
ვრცლად
"ივანიშვილის მმართველობის სტილია, რომ დასაჯოს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი" - ბოკუჩავა კვაჭანტირაძის გადაყენების მცდელობაზე

„სადამსჯელო ოპერაცია“ - ასე აფასებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მცდელობას.

ბოკუჩავას შეფასებით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა. დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი განსხვავებულ აზრს ებრძვის.

„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილია, რომ დასაჯოს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, იქნება ეს რაღაც ფუნდამენტური უთანხმოება, ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს მასთან 2012 წლის შემდეგ და იმიტომ არის, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ივანიშვილის მთავარი სამიზნე, იქნება ეს ტელევიზია, რომელსაც ისეთი სარედაქციო პოლიტიკა აქვს, რომელიც მას არ სიამოვნებს და თქვენ კარგად გაქვთ გამოცდილი,  რუსთავი2-ის გუნდს. იქნება ეს ესა თუ ის ბანკირი, რომელმაც ბოლომდე არ შეასრულა მისი დავალება ამა თუ იმ არჩევნებზე, თუ იქნება ეს მისი პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელმაც შეიძლება, რაღაც საკითხზე, თუნდაც დეტალზე მაინც, დააფიქსირა განსხვავებული აზრი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ კობახიძის გუნდი ივანიშვილს ატარებინებს საკუთარ ინტერესებს. კვაჭანტირაძის მოსაზრებას ბოკუჩავა არ იზიარებს და ამბობს, რომ პირიქით, ივანიშვილის ინტერესების გამტარებლები არიან კობახიძის გუნდის წევრები.

ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გადააყენეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. განმეორებით კენჭისყრამდე კი ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. 

დღის ამბები