25 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
„გამოვიდეს და თქვას, რა პრობლემების წინაშე იყო ის" - ჯანდიერი გვენეტაძეს მიმართავს

„ნინო გვენეტაძე, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა ისეთი სიმტკიცე, რომ დაპირისპირებოდა კლანს," - აცხადებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი. 

ჯანდიერი ამბობს, რომ ახლა, როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების საკითხზე დიდი დავა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, ნინო გვენეტაძემ გამოთქვას საკუთარი აზრი.

„გამოვიდეს და თქვას, რა პრობლემების წინაშე იყო ის. რეალურად ის იყო პრობლემების წინაშე, მაგრამ არ შეიძლება, მითქმა-მოთქმის დონეზე გვქონდეს ინფორმაცია უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომაზე,“ - აცხადებს ჯანდიერი.

მისი თქმით, ნინო გვენეტაძის მსგავსად, არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ვერ საუბრობენ სასამართლოში არსებულ პრობლემებსა და კლანურ მმართველობაზე.

ჯანდიერი აცხადებს,რომ კლანური მმართველობა მანამდე არ დასრულდება, ვიდრე ამის ნება ხელისუფლებას არ ექნება. 

„ამ კლანის დანიშნულება რა არის? ეს კლანი ასრულებს იმ ფუნქციას, რა ამოცანაც აქვს ხელისუფლებას თავის წინაშე დაყენებული. ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ უნდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ უნდა გამამტყუნებელი განაჩენი, მედიასთან დაკავშირებით სურს სასურველი გადაწყევტილება, არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ. ვიდრე ხელისუფლება უარს არ იტყვის ამგვარი ტიპის ამოცანის შესრულებაზე, რომ სასამართლო ამგვარი ტიპის იარაღად ჰყავდეს, მანამდე გვექნება ეს სიტუაცია,“ - აცხადებს ჯანდიერი.

დღის ამბები