24 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
წარუმატებლობის განსახიერება წარმატებული მინისტრივით არის შეუცვლელი - ოპოზიცია თეა წულუკიანს პარლამენტში ელოდება

პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრი დღეს პარალმენტში იქნება. 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში იმ ერთადერთ მინისტრს ელოდებიან, რომელიც უკვე მეშვიდე წელია პოსტს ინარჩუნებს. თეა წულუკიანი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგება. ოპოზიცია მინისტრს მწვავე კითხვებითა და კრიტიკით ხვდება. 

"ადამიანი რომელიც არის წარუმატებლობის განსახიერება და წარმატებული მინისტრივით არის შეუცვლელი უკვე მეშვიდე წელიწადია. როგორ აჯადოებს ვიღაცეებს, რომლებიც მის ბედს გადაწყვეტენ, რომ არ შეიცვალოს. სასამართლო იქნება, პროკურატურა იქნება თუ სხვა მიმართულებები, აღმოჩნდებოდა ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციების და აგერ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკის ქვეშ,"-აცხადებს რომან გოცირიძე.

სასამართლო რეფორმა და პროცესი, რომელიც ამ საკითხს თან სდევს, გახმაურებული საქმეები - ეს ის თემებია, რომელზეც  "ევროპული საქართველო" დღეს თეა წულუკიანს შეკითხვებს დაუსვამს. ოპოზიციური პარტია ყურადღებას წულუკიანის ბოლოდროინდელ ულტიმატუმზეც გაამახვილებს.  

"პოლიტიკოსებს და დეპუტატებს აინტერესებთ თუ რა იყო პრემიერსა და მას შორის დაძაბულობის თემა,"-აცხადებს გიგი წერეთელი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ უმრავლესობა წულუკიანთან ისაუბრებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთთან მოგებულ დავასთან, რომელიც მისი თქმით სწორედ იუსტიციის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგია.

დღის ამბები