25 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
არაადეკვატური, მავნებლობა, რუსეთის ინტერესები - ოპოზიცია ჟენევის ფორმატის გაუქმებაზე პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს

პრეზიდენტის წინადადებას - გადაიხედოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ინიციატივა პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში შედის და ნებისმიერი მსგავსი განცხადება მავნებლობაა ქვეყნის წინააღმდეგ. 

"მსგავსი განცხადებები საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც არ არსებობს არანაირი ალტერნატიული საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც ჩვენ რუსეთთან შეგვიძლია მოლაპარაკებების წარმოება ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანამონაწილეობით, ეს შედის მხოლოდდამხოლოდ რუსეთის ინტერესებში და პირდპაირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

"ევროპულ საქართველოში" ზურაბიშვილის განცხადებას "არაადეკვატურს" უწოდებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯით, ჟენევის ფორმატს თავს დაესხა.

"უკანონოდ გაპრეზიდენტებულმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო არაადეკვატური განცხადებების გაკეთება. პირველ რიგში ის თავს დაესხა ჟენევის ფორმატს. ნებისმიერი განცხადება, რომელიც მნიშვნელობას უკარგავს ჟენევის ფორმატს, ანუ იმ ფორმატს, სადაც საქართველო მოკავშირეებთან ერთად არის წარმოდგენილი, არის პირდაპირ მავნებლობა,"-აცხადებს ოთარ კახიძე. 

"ქართულ ოცნებაში" კი თვლიან, რომ საკითხის სერიოზული განხილვაა საჭირო და კონსულტაციების დაწყებას არ გამორიცხავენ.

"ნებისმიერი ლეგიტიმური ფორმატი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სამშვიდობო და ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებების ფორმირებას, ბუნებრივია საჭიროებს ყოველდღე, ყოველწუთას კარგ გაანალიზებას,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ განცხადება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შესახებ, გუშინ მისმა პრეს-სპიკერმა გააკეთა და ამის მიზეზად ფორმატის არაეფექტურობა დაასახელა.

დღის ამბები