19 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
ვაშინგტონში ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობენ და მის გაუქმებას არ ეთანხმებიან

სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ინიციატივა და ვაშინგტონის რეაქცია - შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რა ფორმატზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი და როგორ უნდა ჩანაცვლდეს ჟენევის მოლაპარაკებები.

ამერიკელი პოლიტიკოსების აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროინდელი მკვლელობები და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხები საერთაშორისო დონეზე აქტიურად უნდა განიხილებოდეს.

ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე დაკავებული და დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას შესახებ „კურიერმა“ ევროპის და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ისაუბრა. ადმინისტრაციის მაღალჩინოსანიც და ამერიკელი ანალიტიკოსებიც მნიშვნელობას ანიჭებენ ჟენევის მოლაპარაკებებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაღალი დონის შეხვედრებზე უნდა იყოს წამოჭრილი.

„სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. ეს ხაზს უსვამს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჰეზერ ქონლიმ ახსენა, რომ არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესი. სამწუხაროდ, ეს არის მაგალითი, როდესაც აფხაზეთის მმართველებმა და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა დაღუპულის ოჯახს პასუხი უნდა გასცენ,“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯორჯ კენტიმ.

„კურიერთან“ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი ვიცეპრეზიდენტმა და ევროპული პროგრამის დირექტორმა, ჰიზერ ქონლიმაც ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენს დღის წესრიგში უფრო მაღალ დონეზე უნდა წამოვჭრათ ეს საკითხები. არ უნდა მივცეთ თავს უფლება, გარკვეულწილად, უმოქმედოდ ვიყოთ. მეთერთმეტე წელია ეს ოკუპაცია გვაქვს და რუსეთი აგრძელებს საზღვრის წამოწევას და დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას. გვჭირდება უფრო მეტი გამჭვირვალობა და ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად ჩართვა. თუ ევროკავშირის მონიტორინგია მისია შევა და იქაურობას მიხედავს, დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გაუჩინარების ან საეჭვო ქმედებებისთვის. საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა ჟენევის პროცესის მეშვეობით, მეტი ჩართულობა ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებში და შესაძლოა, ამ საკითხების უფრო მკაფიოდ წამოჭრა გაეროში,“- განაცხადა ჰიზერ ქონლიმ.

„კურიერმა“ შეკითხვა დაუსვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე, იმის შესახებ, რომ აუცილებელია, შეიქმნას ფორმატი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება.

ამერიკის ადმინისტრაციაში არ იციან დეტალები, თუ რა იგულისხმება ახალ ფორმატში, თუმცა აქვთ გზავნილი, რომ მოხარულები იქნებიან, განიხილონ ქართულ მხარესთან, თუ რა ფორმატზეა საუბარი.

„ჩემი აზრით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ის იბრძვის გზების მოსაძებნად იმ საკითხებზე მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი დგას. ჩემთვის არ არის ნათელი, ვის ჩართავს ის ამ ტიპის დიალოგში, თუმცა ჩვენ გვაქვს უწყვეტ რეჟიმში სერიოზული მოლაპარაკებები როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში. მოხარულები ვიქნებით, განვიხილოთ საქართველოს მთავრობასთან, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვები, თუ რა მხრივ შეგვიძლია დახმარება, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს და როგორც საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს,“- განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მათ ესმით საქართველოს მდგომარეობა და პრეზიდენტის პოზიცია, თუმცა ურჩევენ თბილისს, იფიქროს მრავალმხრივ, საერთაშორისო ფორმატზე, რომელშიც ჩართულები იქნებიან შეერთებული შტატები, ევროკავშირი და საქართველოს თანამოაზრე სახელმწიფოები.

დღის ამბები