19 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ. მიხეილ რამიშვილი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს ინსულტი ბუნებრივად განუვითარდა.

ადვოკატი მამა გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მიხეილ რამიშვილი სახალხო დამცველის განცხადებასაც  გამოეხმაურა, რომელმაც ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით გასცა რეკომენდაცია, რომ დეკანოზი სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუკი მამა გიორგი მამალაძე საპატიმროში დარჩება, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

მიხეილ რამიშვილი ადვოკატი-ის სურათის შედეგი„მე თავიდანვე ვიძახდი, რომ ეს კითხვის ნიშნები რადგანაც არსებობს, სხვა პირობებში უნდა იყოს იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ყველაფერი ფატალურ შედეგამდე მივიდეს. მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ, რომ როგორ იძულებით, მოტაცებით გადმოიყვანეს კლინიკიდან მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და მათი მხრიდან იყო იმის ახსნა, რომ თურმე სახელმწიფოს არ გააჩნია იმხელა შემოსავალი ბიუჯეტში, რომ აღნიშნული მდგომაროება ყოფილიყო სამოქალაქო სექტორში, ანუ საავადმყოფოში ყოფილიყო.

„რეკომენდაცია უკვე სავალდებულოა მათთვის, რომ კეთილი ინებონ და მამა გიორგის ყველანაირი პირობა შეუქმნან და გადაიყვანონ ქალაქში რომელიმე კლინიკაში. მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანის ქვეშ არის, რამდენად ბუნებრივი იყო ინსულტი. ყველაფერი შესაძლებელია, მე დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, არ ვამტკიცებ, მაგრამ დასაშვები და შესაძლებელია,“ - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძე გუშინ მისმა ძმამ მოინახულა. თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზს დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია. საპატრიარქოსთან კვლავ კარავია გაშლილია. თორნიკე მამალაძე 4 თებერვლიდან პროტესტს გამოხატავს.

„ამ დროის მანძილზე, რაც ღუდუშაურის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს, ის მწოლიარე მდგომარეობაშია. მას აქვს შიში, რომ სკამზე გადაჯდეს,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ომბუდსმენის ინიციატივით, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა მამა გიორგი მამალაძის სამედიცინო ისტორია შეისწავლა და მსჯავრდებული დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც მოინახულა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, სადაც დეკანოზი ამჟამად იმყოფება, არსებული დიაგნოზით მკურნალობა შეუძლებელია. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები