20 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
გაფლანგული მილიონები - საგამოძიებო სამსახური ფოთის მერიაში შესაძლო კორუფციულ ფაქტებს სწავლობს

ფოთის მერია სავარაუდოდ დიდ კორუფციულ სკანდალში გაეხვა - უკრაინული სამშენებლო კომპანიის იურისტი „კურიერს“ იმ სქემას უშიფრავს, რომლითაც ფოთელი ჩინოვნიკები ბიუჯეტიდან სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ფულს იპარავდნენ. 

სქემის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მერია განზრახ ზრდიდა სამუშაოების ღირებულებას, ანუ კომპანიებს იმაზე მეტ ფულს აძლევდა, ვიდრე საჭირო იყო. გამარჯვებული ფირმა კი ვალდებული იყო ზედმეტობით ჩარიცხული თანხა მერიის მაღალჩინოსნებისთვის პირადად გადაეცა. გიორგი მონიავას მტკიცებით, ასე მოხდა სავარაუდოდ, მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციაზეც.

მერია სამუშაოებში 4 მილიონ 200 ათას იხდიდა, თუმცა გამარჯვებულმა ფირმამ მას სანაპიროს რეკონსტრუქცია სამი მილიონ 800 ათას ლარად შესთავაზა.

მალთაყვას სანაპიროს რეკონსტრუქციაზე მოვლენები მერიის დაგეგმილი სცენარის საპირისპიროდ განვითარდა. ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც უარს ამბობს ე.წ. ატკატის მიცემაზე. საბოლოოდ კი კომპანიას, რომელმაც მიღებული თანხიდან მერიის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის გადახდაზე უარი თქვა, ხელშეკრულება გაუწყვიტეს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ფოთში მერის მოადგილე, ირაკლი თოფურია ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა. „კურიერის“ ინფორმაციით, თოფურიას მერიიდან წასვლა ამ პროექტის უკავშირდება.

უკრაინულმა საინვესტიციო კომპანიამ გამოძიების მოთხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სასამართლოს იანვარში მიმართა. თუმცა, გამოძიება მხოლოდ აუდიტის კრიტიკული დასკვნის შემდეგ დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია მერიიდან გუშინ წამოიღო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაფლანგული მილიონებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები