თეა წულუკიანის შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტრიბუნას დღეს მთავრობის კიდევ ერთი წევრი - ამჯერად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიკავებს. მაია ცქიტიშვილი ყურადღებას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაამახვილებს. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ამ საკითხზე სასაუბროდ მინისტრი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის. ოპოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რუსულ ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას და კითხვების დასმას მინისტრისთვის ამ კუთხით აპირებს.
"რა ალტერნატიულ ინვესტორებზე არის საუბარი, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ეს პროექტი განხორციელდება, მაგრამ სხვა ინვესტიციების გზით, იმიტომ რომ მე პირადად ეჭვი მაქვს, რომ ამ ინვესტორების უკან იდგება რუსული ინტერესები,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" ხელისუფლების მხრიდან პროექტის ჩაშლის სურვილზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მინისტრთან ამ თემაზე არაერთი კითხვა იქნება დასმული.
"სახელმწიფოს ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივად გამოხატულიყო ინტერესი ამ პროექტის განხორციელების, მიმართულია ამ პროექტის ხელის შესაშლელად, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს,"-აცხადებს ოთარ კახიძე.
პროექტის ვადებითა და განხორციელების ტემპით დაინტერესდება ყოფილი უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრმა ყველა კითხვას სრულფასოვნად გასცეს პასუხი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანაკლიის პროექტზე თიბისი ბანკთან მიმართებაშიც არაერთი კითხვა გაჩნდა.
"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, არის ეს ერთგვარი პირდაპირი თუ არა ირიბი ბმა თიბისი ბანკთან დაკავშირებულ საქმესთან დაკავშირებით, აქ მაინც კითხვებმა უნდა ამოწუროს და პასუხებმაც ნათელჰყოს, ხომ არ დგას რაიმე კითხვის ნიშანი ამ პროექტის განხორციელების ტემპს ან ვაების ან მისი შედეგის თვალსაზრისით,"-აცხადებს ეკა ბესელია.
უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მიუხედავად ამისა, თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდში კითხვები მინისტრთან ვადებზე, თუ სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანაკლიის პორტთან მიმართებაში, მაინც ექნებათ.
"ჩვენ გვექნება კითხვები ვადებთან დაკავშირებით, გვექნება კითხვები მოზიდულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, გვექნება კითხვები ტვირთბრუნვებთან დაკავშირებით,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.