25 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
შეინიშნება ტროლების გააქტიურება, მიმდინარე გამოძიებაზე სწრაფად უნდა დაიდოს შედეგი - ნინო ლომჯარია

ე.წ. ტროლების ფაბრიკა რუსთაველის 12 ნომრიდან - სახალხო დამცველი დროულ გამოძიებასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლო პერიოდში აქტიურად შეინიშნება ბოტებისა და ფეიკ ანგარიშების გააქტიურება, რაც კონკრეტული საზოგადოებისთვის ცნობილი პირების გაშავებას ემსახურება.

სახალხო დამცველი სწრაფი და ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაიდოს შედეგი.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქმის გარშემო შს სამინისტროს უკვე ბევრი რამ აქვს გარკვეული.

„ვადევნებ თვალყურს, როგორ არის გააქტიურებული სხვადასხვა ფეიკ ანგარიშები და ბოტები, ავრცელებენ სხვადასხვა დეზინფორმაციას და ეწევიან ანტიკამპანიას კონკრეტული პირების წინააღმდეგ.  ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ნამდვილად იქნება პრეცენდენტული გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ  დაიდოს შედეგი. იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ძალიან ბევრი რამ ამ საქმის გარშემო უკვე გარკვეულია. ამიტომ ველოდებით გამოძიების შედეგებს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა მიმდინარე გამოძიებაზე და ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით რა ჩატარდა ან რა არის ჩასატარებელი, თუმცა ვფიქრობ რომ გამოძიებამ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია რა ეტაპზეა გამოძიება და ძალიან მალე უნდა დაიდოს შედეგები,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რუსთაველის 12 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ამოღებულია კომპიუტერები - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა.

საუბარია ოფისზე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სადაც ე.წ. ტროლები მუშაობდნენ და  საიდანაც “TBC ბანკზე” კიბერ თავდასხმები განხორციელდა.

ოფისი „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის უფროსს კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები.

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ უწყება ამ საქმეზე კომპლექსურ გამოძიებას აწარმოებს და არ იცის გამოძიების შედეგი ზუსტად როდის გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები