25 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
თუ არ გამოიძიეს, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კიბერთავდასხმა ორკესტრირებული იყო ხელისუფლებისგან - სალაძე ტროლებზე საუბრობს

ხელისუფლებისგან ორკესტრირებული კიბერთავდასხმა ან მწვანე შუქი თავდამსხმელებს მმართველი გუნდიდან - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ორივე ვერსია ლეგიტიმური იქნება, თუ შს სამინისტრო TBC ბანკის სერვერზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე შედეგს არ დადებს. 

სულხან სალაძის თქმით, ამ დრომდე საზოგადოება ელის უფრო დეტალურ და ზუსტ ინფორმაციას სამინისტროსგან. მისი განცხადებით, შს სამინისტრომ საზოგადოებას უნდა აცნობოს რა ეტაპზეა მიმდინარე გამოძიება. სალაძის თქმით, საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთი დღის დაგვიანებაც კი შესაძლებელია დამაზიანებელი იყოს გამოძიებისთვის.

საია-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ ამ საქმეს არ გამოიძიებენ, მაშინ ხელისუფლებისგან თავად იქნება მხარდაჭერილი ვერსია, რომ მმართველი ძალა ამ თავდასხმაში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია.

„თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი მაშინ ცხადია, ორი ვერსიიდან რომელიმე ნებით თუ უნებლიეთ ხელისუფლებისგან იქნება მხარდაჭერილი.  ერთი ის, რომ თავად ეს შეტევა ორკესტრირებული შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლებისგან, მეორე ის, რომ შეიძლება ხელისუფლების ორკესტრირებული არ ყოფილიყო, მაგრამ მწვანე შუქი ჰქონდა, რომ ამ საქმეს არავინ გამოიძიებდა,“- განაცხადა სალაძემ. 

რუსთაველის 12 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ამოღებულია კომპიუტერები - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა.

საუბარია ოფისზე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სადაც ე.წ. ტროლები მუშაობდნენ და  საიდანაც “TBC ბანკზე” კიბერთავდასხმები განხორციელდა.

ოფისი „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის უფროსს კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები.

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ უწყება ამ საქმეზე კომპლექსურ გამოძიებას აწარმოებს და არ იცის გამოძიების შედეგი ზუსტად როდის გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები