20 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
დასავლეთ საქართველოში ფუტკარი ნადგურდება - ადგილობრივები მიზეზად ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს ასახელებენ 

დასავლეთ საქართველოში ფუტკარი ნადგურდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაღების ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამვლას, ფუტკრის ასობით ოჯახი შეეწირა. ზუგდიდელი მეფუტკრეები ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათი საკუთრება გაუფრთხილებლად შეწამლეს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.თითო მეფუტკრემ ათი ათასობით ლარი იზარალა. 

მეფუტკრეები ყვებიან, რომ შეწამვლის სამუშაოების წინ, ხელისუფლებას სთხოვდნენ, ფუტკრის სკების მესტიაში გადატანაში დახმარებოდნენ, თუმცა უარი მიიღეს. ზუგდიდელი მეწარმეები სპეციალურმა კომისიამ დაარწმუნა, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი ფუტკარს არაფერს ავნებდა.

ფერმერები იმასაც ეჭვობენ, რომ შესაწამლი ნივთიერება, რომლებიც მათ ბაღებში გამოიყენეს, არასწორად იყო შეზავებული. გაზაფხულზე, როცა მავნებელმა მწერმა გაიღვიძა, მეფუტკრეები დარწმუნდნენ, რომ წამალმა ფაროსანას ვერაფერი დააკლო და მხოლოდ ფუტკარი გაწყვიტა.

ფუტკრის მასობრივი განადგურების ფაქტებს უარყოფენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მერის მოადგილე, რომელიც ფაროსანის საწინააღმდეგო შეწამვლის პროცესს აკონტროლებს, ამბობს, რომ შეწამვლა სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს და წამლის შემადგენლობასაც სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტების ადგენენ. ფუტკრის ასობით ოჯახის განადგურებას კი ის „რუსთავი2“-ის ინტერპრეტაციად აფასებს.

მეფუტკრეების უმეტესობას მეურნეობა დაზღვეული არ ჰქონდა. მათი თქმით, 20-25 წელია საჭირო იმისათვის რომ მეფუტკრეობა მომგებიანი საქმიანობა გახდეს. 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები