18 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
დაპირისპირება ლენტეხში - „ხელედულა 3“-ის პროექტის საჯარო განხილვა მოსახლეობის პროტესტის გამო ჩაიშალა

დაპირისპირება ლენტეხში - მცირე ჰესის „ხელედულა 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ადგილობრივებს შორის დაანონსებული შეხვედრა ჩაიშალა.

იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ ადგილზე ჩასულ მთავრობის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა და ჰესის მშენებლობა გააპროტესტა.

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. დაგეგმილი იყო საჯარო განხილვა მთავრობის წევრებსა და ადგილობრივებთან ერთად, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს ჰესის მშენებლობა. 

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ  ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება.

საჯარო განხილვის ჩაშლის შემდეგ, მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას ისევ გამართავენ და პროექტის მნიშვნელობას აუხსნიან. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ყველა ხარვეზი გამოსწორებულია და ჰესის მშენებლობა ადგილობრივებს არ დააზარალებს.

ჰესის მშენებლობა მდინარეების ხელედულასა და დევაშის ხეობებში იგეგმება. მშენებლობისთვის 18-20 ჰექტარზე ტყეც გაიჩეხება. სოფლებში - ხელედში, წანაშსა და ლესემაში საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვა ემუქრება. მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი.“

ამავე თემაზე
დღის ამბები