20 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
სავარაუდო გარიგება მინისტრებს შორის და კომპანიებზე მორგებული ტენდერები - აუდიტმა მომსახურების სააგენტოში დარღვევები დააფიქსირა

სავარაუდო გარიგება მინისტრებს შორის და ტენდერები წინასწარ განსაზღვრული გამარჯვებულით - შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ტენდერების თითქმის ნახევარი არაკონკურენტულ გარემოში და კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობებით ჩატარდა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 13 მილიონი ლარის „შკოდას“ მარკის ავტომობილი შს სამინისტრომ არამიზნობრივად და გაუმჭვირვალედ შეიძინა. აუდიტორებმა დაადგინეს, რომ მართვის მოწმობის გამოცდებისთვის ნაყიდი 76 მანქანა წელიწადზე მეტხანს ავტოსადგომზე უფუნქციოდ იყო გაჩერებული.

აუდიტორებმა შემოწმების დროს ვერ გაიგეს, რა კრიტერიუმებით არჩევს შსს პატრულის მანქანებს. სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, რატომ გააკეთა არჩევანი „შკოდაზე.“

საპატრულო პოლიციისთვის ნაყიდ ავტომობილების ნაწილს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები იყენებდნენ, ასევე, ავტომობილებს, რომლებითაც მოქალაქეებს გამოცდები უნდა ჩაებარებინათ.

„შკოდას“ ოფიციალური იმპორტიორი კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფია.“ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე სპორტის იმჟამინდელი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია. გამოდის, რომ გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი კოლეგისგან 13 მილიონის ღირებულების ავტომობილები იყიდა. მღებრიშვილი ამბობს, რომ „შკოდას“ სასარგებლოდ არჩევანი მხოლოდ მისი მახასიათებლების გამო გააკეთა.

ავტომობილების გარდა, საეჭვოა, დაჩქარებული წესით ე.წ. ჭკვიანი კამერების ყიდვის ამბავიც. 2017 წელს შსს-ს მომსახურების სააგენტომ ტენდერის გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, 100 ათასი ლარის კამერა იყიდა, თუმცა 10 თვე ეს კამერები საწყობში იყო და არ დაამონტაჟეს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხშირ შემთხვევებში კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, სატენდერო პარამეტრები კონკრეტულ კომპანიებზე იყო მორგებული და გამარჯვებულიც წინასწარ იყო ცნობილი.

ამავე ტენდენციაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორშიც. „შეაჩერე კორუფციას“ მკვლევარი, ქეთი ენუქიძე საგამოძიებო უწყებებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წელს განხორციელებულ შესყიდვებზე სრულ პასუხისმგებლობას უწყების ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი მღებრიშვილს აკისრებს. გახარიას უწყებაში ამბობენ, რომ მათ წინამორბედის შეცდომები გამოასწორეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები