19 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
ქურდობა ვარკეთილში - ტექნიკის მაღაზია "სმაილიდან" ჰავერბორდები თითქმის ერთ წუთში გაიტანეს

ქურდობა ვარკეთილში - ტექნიკის მაღაზია სმაილი დღეს დილით გაქურდეს. ჩამსხვრეულია მინები და წაღებულია, დაახლოებით, 1500 ლარის პროდუქცია, ძირითადად, ჰავერბორდები.

სმაილის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორი, ვახტანგ მუჯირიშვილი, აცხადებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ძარცვის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

ტექნიკის მაღაზიაში დამონტაჟებულია უსაფრთხოების სისტემა, თუმცა, დაცვა რეაგირებას ვერ ასწრებს.

წინა შემთხვევაში 17 ათასი ლარის ღირებულების მობილურების წასაღებად მძარცველებს მხოლოდ 30 წამი დასჭირდათ, დღეს დილით კი ძარცვა მხოლოდ 21 წამში დასრულდა.

„დაგვხვდა ჩატეხილი ვიტრინა, თავისთავად დაცვის სამსახურმა უცბად მოახდინა რეაგირება, მოვიდნენ ერთ წუთში, მაგრამ ერთი წუთი ამ ვიტრინის გატეხვას და იქიდან ნივთების წაღებას არ სჭირდება. მერე კრიმინალისტები მოვიდნენ, პოლიცია მოვიდა, ჯერჯერობით მიდის ძიება. ეს ფილიალი 5-ჯერ არის გატეხილი. აქამდე არასრულწლოვნები იყვნენ და ტელეფონები გაქონდათ, დაახლოებით, 21 წამში,“ - ამბობს ვახტანგ მუჯირიშვილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ დამნაშავეების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

დღის ამბები