19 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
წალკის მუნიციპალიტეტში 25 წლის ახალგაზრდამ მგელი შიშველი ხელებით მოკლა - სოფელი ხროვის თავდასხმის მოლოდინშია

სოფელ ჩრდილისუბნის მკვიდრი, 25 წლის ტარიელ მიქელაძე, ცოფიან ცხოველს შიშველი ხელებით გაუსწორდა. მგელი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელს თავს დაესხა და ხალხი ააწიოკა.

მიქელაძეს თოფი არ ჰქონდა, ამიტომ მგელს ყელში წვდა და მოახრჩო, დაზიანებებს ვერც თავად გადაურჩა, მტაცებელმა ხელები, სახე და ცხვირი დაუკაწრა.

მგელი სოფელში ტყიდან მოხვდა. ერთ ღამეში ცოფიანმა მტაცებელმა 3 ქალი და ერთი კაცი დაკბინა. ოთხივე ცოფის საწინააღმდეგო მკურნალობას წალკის საავადმყოფოში გადის.

მტაცებელმა ჩრდილისუბანში საკვები ვერ ნახა, თუმცა, დაგლიჯა ძაღლებიც. 8 შინაური ცხოველი ახლა სიკვდილის პირასაა და მათთან მიახლოვება ცოფის გამო, მეპატრონეებს სასტიკად ეკრძალებათ.

ჩრდილისუბანში სრული პანიკაა. უკვე მესამე დღეა, ადგილობრივებს მსხვილფეხა საქონელი ბაგებში ჰყავთ გამომწყვდეული.

ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ, იცის, რომ ცოფიან ცხოველს ყველაზე მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია. დაავადებული ნადირი კი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როცა შია. ზოოპარკის დირექტორის თქმით, რომელსაც მთავრობა ნადირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას წლებია ჰპირდება, საჭიროა, გარეული ცხოველების ვაქცინაცია სახელმწიფომ კვლავ აღადგინოს.

30-კომლიანი დასახლება მგლის შიშით ცხოვრებას ჩვეულ რითმში ვეღარ აგრძელებს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ რუხი მტაცებელი მარტო არ იყო და ახლა ხროვის თავდასხმის მოლოდინი აქვთ. 

დღის ამბები