19 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
ვის დარჩება ფილარმონია - დიდი საკონცერტო დარბაზისთვის ბრძოლა დაიწყო

დიდი მთავარი საკონცერტო დარბაზისთვის ბრძოლა დაიწყო. მთავარი კითხვაა, ვის დარჩება ფილარმონია. ირკვევა, რომ ფილარმონიის მმართველი, რომელსაც დარბაზი 49 წლიანი იჯარით გადასცეს, პირობებს არღვევს, ბიუჯეტში ფულს არ იხდის და ვალი სამ მილიონზე მეტი აქვს.

ქვეყნის მთავარი საკონცერტო დარბაზი - ფილარმონია, კულტურის მინისტრის მოადგილის ბიზნესია, თუმცა, დოკუმენტებით მიხეილ გიორგაძეს ეს ბიზნესი ახლო მეგობრებზე აქვს გაფორმებული.

ფილარმონია კომპანია ინთერნეიშენალ ივენთს 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული. თუმცა, უკვე 8 წელია, სახელმწიფოს ფულს არ უხდის და ხალხის უკვე 3 მილიონ ხუთასი ათასი ლარი მართებს.

კურიერმა მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებულ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ 4 იანვარს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ დაგროვილი მილიონობით ვალის გამო, ხელშეკრულებას უწყვეტს და ფილარმონიის მართვის უფლებას ართმევს.

წერილიდან ორი თვე გავიდა, მაგრამ ფილარმონიას ისევ ინთერნეიშენალ ივენთი მართავს. სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მიხეილ გიორგაძემ ეკონომიკის მინისტრის წერილის მიღების შემდეგ დახმარება ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, ქართული ოცნების ლიდერმა პროცესი გააჩერა.

ფილარმონიის მმართველმა კომპანია ინთერნეიშენალ ივენთმა ეკონომიკის მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც წერენ, რომ ისინი წინა ხელისუფლებამ დაჩაგრა, ახალმა ხელისუფლებამ კი ვალების გარანტიები მისცა, თუმცა დაპირება ცრუ აღმოჩნდა.

თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზს კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან, კავშირში მყოფი კომპანია დღეში 685 ლარად ქირაობს, თუმცა წერილში, რომელიც ინთერნეიშენალ ივენთმა ეკონომიკის მინისტრს გაუგზავნა, წერია, რომ ამდენ ფულს ვერ იხდის და ქირის შემცირებას დღეში 275 ლარამდე ითხოვს. რაც შეეხევა 3,5 მილიონიან ვალს, ინთერნეიშენალ ივენთი 1,5 მილიონი ლარის ჩამოწერას, დანარჩენი თანხის კი 9 წელზე გადანაწილებას ითხოვს.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, პროკურატურაში მოკვლევა ერთი წლის წინ დაიწყო. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძე ადასტურებს  რომ ამ თემაზე გამოკითხვაზე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა. მოკვლევა პროკურატურამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

საგამოძიებო უწყებაში ამ საქმით დაინტერესებას დღესაც უარყოფენ და ამბობენ, რომ ფილარმონიის გარშემო ძიება არ მიმდინარეობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოძიების დაწყებას მიხეილ გიორგაძის კულტურის იმჟამინდელი მინისტრის წინააღმდეგ ითხოვდა. საია ამტკიცებდა, რომ გიორგაძე მასთან ასოცირებულ კომპანიებს ლობირებდა და სახელმწიფო ტენდერებში ამარჯვებინებდა. მიხეილ გიორგაძე ინთერნეიშენალ ივენთის ერთ-ერთი დამფუძნებელი მინისტრად მუშაობის შემდეგაც იყო.

კულტურის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ამტკიცებს, რომ კომპანიასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს, გამოძიების შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს.

გამოცემა Presa.ge-ის რედაქტორის ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ახალ კომპანიას აარსებს, რომელსაც ფილარმონიასთან ერთად, ბლექსი არენას მართვასაც ჩააბარებენ.

 

 

დღის ამბები