18 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
დავნიშნე საკრებულოს თავმჯდომარედ... რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში - ნათელაშვილი კახაძეზე საუბრობს 

„ქართული ოცნების“ მიერ შუალედური არჩევნებისთვის მერების და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ვერც ახალი და ვერც ძველი სახე უშველის.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ლადო კახაძე „ლეიბორისტულ პარტიაში“ ირიცხებოდა, თუმცა, რამდენიმე თვეში გუნდს უღალატა და "შევარდნაძის ბანაკში" გადავიდა.

„98 წელს ეს ბატონი მოიყვანეს ჩვენთან, როგორც წარჩინებული გინეკოლოგი, ექიმი, ქალბატონების იმედი და მეც აღფრთოვანებულმა იმით, რომ გამოადგებოდა დედაქალაქს, მედიცინას, საზოგადოებას, ჩავწერე სიაში და დავნიშნე, პირდაპირი გაგებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, საიდანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში და უღალატა პარტიას, უღალატა იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდომარედ. ივანიშვილს ალბათ, მოღალატე „ლეიბორისტების“ გარდა აღარავინ აღარ დარჩა, ყველა გამოექცა და კიდევ გამოექცევა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ისინი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მერობის ის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ზუგდიდის, ხულოს, ჭიათურის, მარნეულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ზუგდიდში კენჭს გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხოლო ხულოში ვახტანგ ბერიძე იყრის.

კანდიდატების წარდგენამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები