16 ივნისი 2019,   01:45
ვრცლად
ოთახში შეიყვანა, ყვირილის ხმა რომ გავიგეთ, ვეღარ ვუშველეთ - თვითმხილველები ხაშურში მომხდარი დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

დაჭრა ხაშურში - მომხდარის დეტალებზე "კურიერთან" თვითმხილველები საუბრობენ. დაჭრილი 33 წლის ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლებია არსებობდა, თუმცა, ფიზიკური დაპირისპირება ამ დრომდე არ მომხდარა.

33 წლის ქალი მეუღლეს ორი კვირის წინ დაშორდა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ყოფილი ქმარი კი მასთან შერიგებას ცდილობდა.

გუშინ კი ახალგზარდა ქალის ყოფილი ქმარი სამუშაო ადგილზე - სილამაზის სალონში, მივიდა და ის სასაუბროდ გაიყვანა, რა დროსაც ბასრი საგნით ჭრილობები მუცლის არეში მიაყენა. 33 წლის ქალმა თავის დახსნა შეძლო, დასახმარებლად თანამშრომლებს მიმართა, რა დროსაც მას დამატებითი ჭრილობები მიაყენეს. 

„ორი კვირა არ იქნებოდა, რაც დაცილებულები იყვნენ, თუმცა ეს ბიჭი მოდიოდა ჩვეულებრივად და სთხოვდა შერიგებას, მაგრამ წინააღმდეგი იყო ეს გოგო. მერე არანაირი ზედმეტი, ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა მაგათ შორის, უბრალოდ ბოლო ოთახში შეიყვანა და იქიდან უკვე ყვირილის ხმა, რომ გავიგეთ, ვეღარ ვუშველეთ. მაგ ბიჭისთვის ჩხუბს მიზეზი არ ჰქონდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ხშირად შემოდიოდა სალონში.

„ხუთი ჭრილობაც აქვს და მეტიც. თავის ფეხით გავიყვანეთ. მე თვითონ მოვკიდე ხელი და გავიყვანე, გავიქეცით საავადმყოფოში. ხელი, რომ მოვკიდე უკვე და მოვითრიე ჩემკენ ეს გოგონა, ბიჭიც გავარდა უკვე... კამერები არ გვაქვს, მხოლოდ გარეთ არის ტოტალიზატორის კამერა და იქ ჩანს ყველაფერი, გაერთ გასვლის მომენტი,“ - ამბობს თვითმხილველი.

33 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. დაჭრილი ქალის მდგომარეობა  კი მძიმეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები