20 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
სმიტების ოჯახის მკვლელობა - ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა გორის სასამართლომ დაასრულა. ამ წუთებში ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის მისაღებად არიან გასულები.

დაახლოებით სამ საათში, 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა მალხაზ კობაური სმიტების სასტიკ მკვლელობაში. თუ ისინი დაასკვნიან, რომ კობაური დამნაშავეა, განაჩენს უკვე მოსამართლე გამოიტანს.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისთვის. ეს სამი ადამიანი სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს. ისინი ამერიკელები, მაგრამ საკუთარი არჩევანით ქართველები იყვნენ. მათ უყვარდათ საქართველო და ქართველი ხალხი. მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სმიტების ოჯახის წევრების მიმართ გამოხატეს“ - განაცხადა სმიტების ოჯახის ახლობელმა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ წარადგინეს ყველა მტკიცებულება, რომელიც კობაურის ბრალეულობას ადასტურებს.

„დღეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა დასკნითი სიტყვა, რის შემდგომაც სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. აღნიშნულის შემდგომ, მხარეებმა ვისარგებლეთ რეპლიკის უფლებებით, რის შემდეგაც, ბრალდებულს ჰქონდა საბოლოო სიტყვა. ჩვენს მიერ, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რომლებიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია მალხაზ კობაურის მიერ. შესაბამისად, ერთადერთი ვერდიქტი, რომელსაც ველოდებით ბრალდების მხარე და ვართ დარწმუნებულები, ეს არის გამამტყუნებელი ვერდიქტი,“ - აცხადებს საქმის პროკურორი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები