16 ივლისი 2019,   11:18
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულების საკვების მიღებაზე უარს ამბობს

დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეიდან პენიტენციური დაწესებულების საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მას სამარხვო საკვებით ვერ უზრუნველყოფენ. ამის გამო, მსჯავრდებული დეკანოზი იძულებულია თავად იყიდოს საკვები.

ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზთან იმყოფებოდა.

დავით ჯანდიერის ინფორმაციით, მსჯავრდებული სასულიერო პირის მონახულებას უახლოეს პერიოდში აპირებენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. 

„დღეს მან უარი განაცხადა პენიტენციური დაწესებულების მიერ მიწოდებული საკვების მიღებაზე და ამის მიზეზი არის ის უყურადღებობა, რომელსაც ის განიცდის. რამდენიმე დღის წინ, მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც, თუმცა ყურადღება სათანადო არ იქნა მის მიმართ აღმოჩენილი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

განცხადება გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამაც. ოჯახი დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

„თავდაპირველად, პირობა მოგვცეს, რომ გადაიყვანდნენ მე-18 დაწესებულებაში და მიეცემოდა მას სათანადო მკურნალობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმაც დადო დასკვნა და იმედია, ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ გაითვალისწინებენ  და მოხდება ჩემი ძმის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ელემენტარულად, უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

დღის ამბები