მმართველი გუნდი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობას იწყებს. საკითხზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება.
საორგანიზაციო შეხვედრაზე არ არიან მიწვეული დეპუტატები ოპოზიციურ პარტიებიდან.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დღეს განიხილება როგორ და რა ფორმატით უნდა იმუშაონ რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვექნება საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც დრო დაეთმობა იმ გეგმებს, იმ ნაბიჯებს თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა ფორმატით ვიმუშავებთ და რა შემადგენლობით. არის საუბარი სხვადასხვა საკითხებზე, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმირების საკითხი,“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლების სამივე შტოსთან თანხვედრაშია და რასაც „რუსთავი 2“-ის საქმეც ადასტურებს. მათი თქმით, კვლავ მთავარ პრობლემად რჩება კლანის მმართველობა სასამართლო სისტემაში.
„ხელისუფლების სამივე შტო მოქმედებს უნისონში, როდესაც ეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, მაგალითად „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ის, რომ მორიგი ტალღა იქნება მორიგი ფარსი, დაადასტურა თუნდაც იმან, რომ ვენეციის კომისიასაც კი არ დაელოდა ხელისუფლება, ისე გაიტანა პირველი მოსმენით უმნიშვნელოვანესი კანონი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღაზე საუბარი საზოგადოების დაცინვაა.