ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტის სტატუსის აღდგენას და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ითხოვენ. ეს საკითხი ახალგაზრდებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც საქალაქო სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება გააბათილა.
სტუდენტები იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არ გაასაჩივრებს და მათ სემესტრის უპრობლემოდ დასრულების საშუალება მიეცემათ.
მათი განცხადებით, სასწავლებელს ავტორიზაციის გავლა აგვისტოში უწევდა, თუმცა ვადაზე ადრე მათთან მონიტორინგის სამსახური შევიდა და სასწავლებელს სტატუსი შეუჩერა. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ახალგაზრდებს საჭირო განათლებას ვერ აძლევდნენ.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უპრეცედენტოა, არ გაასაჩივრებენ და სტუდენტებს მოგვცემენ უფლებას, რომ დავასრულოთ სემესტრი,“ - აღნიშნავს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, კოკა ჯახუტაშვილი.
სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს მოთხოვნის შესასრულებლად ვადას 18:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების განახლებას გეგმავენ.