19 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
"ძალიან საეჭვოა, ასე როგორ მუშაობს ის თითო ან ორი ადამიანი, ვისაც დაავალეს ჩვენი საქმეები" - სოციალური მუშაკი

გაფიცვისა და საპროტესტო გამოსვლების მეორე დღემაც კონკრეტული შედეგების გარეშე ჩაიარა. სოციალური მუშაკები მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ გაფიცულები არიან და ისევ უარს ამბობენ, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, მეორე დღეა, მათი დახმარების გარეშეა დარჩენილი ათასობით მოქალაქე.

ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გაფიცულების ფუნქციებსა და მოვალეობებს სხვა პროფესიის ადამიანები ითავსებენ.

გაფიცული სოციალური მუშაკები თვლიან, რომ ეს გონივრული გამოსავალი არ არის, რადგან არსებული სისტემა მათაც კი არ აძლევდა საშუალებას, სრულყოფილად დაეცვათ მოქალაქეები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

გაფიცული სოციალური მუშაკები მოუწოდებენ ხელისუფლებას და მათ დამსაქმებლებს, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოხდეს მათი მოთხოვნების გადახედვა.

„ერთი სოციალური მუშაკი ლამის 24 საათი, შაბათ-კვირის გარეშე და სახლში რომ ვერ შევდიოდით, ისეთი დატვირთვით ვმუშაობდით. ძალიან საეჭვოა, ასე როგორ მუშაობს ის თითო ან ორი ადამიანი, ვისაც დაავალეს ჩვენი საქმეები. ძალიან საეჭვოა, როგორ უმკლავდებიან ან რა ხერხებს მიმართეს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა, თეა მაღრაძემ.

კიდევ ერთი სოციალური მუშაკი, მარიამ ბანძავა, აცხადებს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ არა მარტო უშუალოდ მათი დამსაქმებელი, არამედ სახელმწიფო პრობლემის სირთულეს არ გაიაზრებს.

„დღეს თუ დავინახავთ, რომ ჩვენი დამსაქმებელი ისე  ვერ აცნობიერებს ამ სირთულეებს და ისე ვერ ხვდება, თუ რატომ მინდა მე, შვიდი თვე არ ელოდებოდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ფსიქოლოგს და რატომ მინდა მე, ერთ დღის მერე კი არ მივიდე გალახულ და ნაცემ ქალთან, არამედ პირდაპირ ნახევარ საათში და ერთ საათში მივიდე ამ ადამიანთან, მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება და მანამდე დავდგებით აქ, სანამ ბოლომდე ბოლომდე არ გაიაზრებს ჩვენი დამსაქმებელი და არა უკვე დამსაქმებელი, არამედ მთავრობა და სახელმწიფო,“ - აცხადებს მარიამ ბანძავა.

 

 

დღის ამბები