25 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
სამხედრო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე საბურთალოს გამგეობის გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს

ქართული ოცნების აქტიური წევრი, რომელსაც საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილება ჩააბარეს, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. გაწვევის სამსახურის უფროსი, გიორგი ქიმერიძე, სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს ქუჩაში 700 ლარს ართმევდა.

ქიმერიძე საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილებას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურამდე არაერთხელ მივიდა ინფორმაცია, რომ ქიმერიძე მოქალაქეებს, სამხედრო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ, ქრთამს სთხოვდა.

გიორგი ქიმერიძის თანამშრომლები ფინანსურმა პოლიციამ უკვე გამოკითხა და არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანიც საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს.

დედაქალაქის მთავრობის დიდ კორუფციულ სკანდალზე პასუხისმგებლობა საბურთალოს გამგებელმაც და თბილისის მერმაც მოიხსნეს მაშინ, როცა ქართული ოცნების ლიდერების გადაწყვეტილებით, გიორგი ქიმერიძე გამგეობაში დაასაქმეს.

გირჩში არ უკვირთ, რომ ხელისუფლების სისტემურ პრობლემას ხელისუფლების წარმომადგენლებივე ქრთამის აღებით ანეიტრალებენ. პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეცვალოს გაწვევის პოლიტიკა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი კი, პრობლემას არა სამხედრო სამსახურის სისტემაში, არამედ ერთ კონკრეტულ თანამშრომელში ხედავს.

გიორგი ქიმერიძე სხვადასხვა დროს ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე ხშირად ჩნდებოდა. ის ჯერ შტატგარეშე თანამშრომელი იყო და ხელფასს ბიუჯეტიდან იღებდა, მოგვიანებით კი სამხედრო განყოფილება ჩააბარეს.

ქრთამის აღებაში ბრალდებულ მერიის თანამშრომელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-წლიანი სასჯელი ემუქრება. 

დღის ამბები